ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ განაცხადა, რომ არ უნდა იყოს შეზღუდვები დასავლელი პარტნიორების მიერ უკრაინისთვის მოწოდებული იარაღის გამოყენებაზე.
ეიდემ თქვა, რომ უკრაინას უნდა შეეძლოს გამოიყენოს იარაღი იმ სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ, როგორც ამას მოითხოვს სამხედრო სიტუაცია და როგორც ეს იქნება ყველაზე ეფექტური, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინაზე დაწესებული შეზღუდვები, ართულებს მის გამარჯვებას.
„ჩვენ ასევე გვჯერა, რომ უკრაინას აქვს აბსოლუტურად უდავო უფლება, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, დაარტყას სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე, მისი ტერიტორიის დაცვის ფარგლებში... ეს აბსოლუტურად ნორმალურია საომარ მდგომარეობაში და ჩვენ ვერ ვაიძულებთ უკრაინას იბრძოლოს ცალი ხელით ზურგს უკან... როდესაც უკრაინას თავს დაესხმებიან რუსული ძალები რუსეთის ტერიტორიიდან, რადგან მათ აქვთ შორი მოქმედების იარაღი, უნდა არსებობდეს მათთვის პასუხის გაცემის შესაძლებლობა“, - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრს ჰკითხეს, იქნება თუ არა განცხადება ნორვეგიიდან ამ საკითხთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება კონკრეტული იარაღის სისტემების მიწოდების პირობებს, ჩვენ, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ამაზე ყურადღებით ვისაუბრებთ, ომი მიმდინარეობს და ყველაფერს, რაც საჯაროდ ითქვა, დიდი ყურადღება ექცევა. ასეთ მიდგომას იზიარებს ბევრი პარტნიორი და ჩვენც“, - დასძინა ესპენ ბარტ ეიდემ.