ირაკლი კობახიძის თავდასხმა გერმანიის ელჩზე, რომელიც ერთ-ერთია ვინც აქტიურად მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, იგივეა რაც თავდასხმა გერმანიის სახელმწიფოზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ქვეყანა დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს დააშოროს.
„ირაკლი კობახიძის უტიფრობა და თავდასხმა გერმანიის ელჩზე, პიტერ ფიშერზე, რომელიც ერთ-ერთია იმ პარტნიორებიდან ვინც აქტიურად ლობირებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, იგივეა რაც თავდასხმა გერმანიის სახელმწიფოზე და ეს კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ დაგვაშოროს ჩვენს დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს. მათი მიზანია მოახდინონ საქართველოს სრული იზოლაცია და ქვეყანა დატოვონ რუსეთის პირისპირ მარტო.
გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი არის საქართველოს და ქართველი ხალხის დიდი მეგობარი და ის თავისი საქმიანობითა და მხარდაჭერით ყოველთვის ამტკიცებს, რომ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროინტეგრაციის გზაზე.
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გერმანიის ელჩს ბატონ პიტერ ფიშერს!
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დაკარგოს საქართველომ საერთაშორისო პარტნიორები და ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას.
საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო!“ - განაცხადა ვაშაძემ.