გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად გატარებული არაერთი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრანსპორტის სექტორი წარმოადგენს ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის უმთავრეს წყაროს.
„გასულ წელს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან ავტომობილებისთვის ამოქმედდა ემისიის ევრო 5 სტანდარტი. მიმდინარე წლიდან, ქვეყანაში ვერ რეგისტრირდება მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, ხოლო მომავალი წლიდან, რეგულაცია გავრცელდება სატვირთო მანქანებზე და ავტობუსებზე. ქვეყანაში უკვე 7 წელია მოიხმარება ევრო 5 სტანდარტის ბენზინი, ხოლო 2023 წლიდან დიზელზეც ევრო 5-ს სტანდარტი ამოქმედდა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.