გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს აგროწარმოების განვითარებისთვის თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე წვდომის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„წლების წინ ქვეყანა განიცდიდა ტექნიკის მნიშვნელოვან დეფიციტს და ფერმერები ვერ ახერხებდნენ აგროვადებში სამუშაოების ჩატარებას. 120 მლნ ლარზე მეტი მივმართეთ ტექნიკის შესყიდვის მხარდასაჭერად და ფერმერებმა ამ თანადაფინანსების საშუალებით შეიძინეს 7500 ერთეული, 440 მლნ ლარზე მეტი ღირებულების, სხვადასხვა სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტები. რა თქმა უნდა, ჩვენ წელსაც ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მხარდაჭერას და 20 მლნ ლარია გამოყოფილი მიმდინარე წლის ბიუჯეტით ამ მიზნობრიობით. ვაფინანსებთ მოსავლის ამღები ტექნიკის შესყიდვას, სპეციალურად კოოპერატივებისათვის დავიწყეთ ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მცირე ფერმერებს ვაძლევთ საშუალებას, გაერთიანდნენ და საკმაოდ მაღალი, 50 პროცენტიანი საგრანტო თანადაფინანსებით შეიძინონ სასურველი ტექნიკა. უკვე დაფინანსებულია 62 ასეთი კოოპერატივი და პროგრამა გრძელდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.