დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, აგენტების კანონის შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ გუშინ მიიღო.
მისი თქმით, კანონმა უნდა დაიცვას ქვეყანა ყველა იმ უცხოური ძალების გავლენისგან, რომელთა მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა და მშვიდობის დარღვევაა.
„მინდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამოვეხმაურო. გუშინ პარლამენტმა ვეტო დაძლია და კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულია. მინდა, მივულოცო ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი, მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალს წყვეტდეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში, არჩევნების გზით.
მეგობრებო, ეს არ არის პათეტიკური სიტყვები. დღეს, საქართველოს ბედი წყდება არა ხმლით, ან ტანკებით, არამედ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერით განმტკიცებული გონივრული, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკით.
გამჭვირვალობის კანონმა უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყანა, პირველ რიგში, ყველა იმ უცხოური ძალების გავლენისგან, რომელთა მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა და მშვიდობის დარღვევაა.
ბოლო თვეების მანძილზე ჩვენმა საზოგადოებამ იხილა წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ გავბედეთ და დავიცავით საკუთარი ქვეყანა იმ სცენარისგან, რაც სამწუხაროდ უკრაინაში განხორციელდა; რომ გავბედეთ და ყველას გასაგონად მოვითხოვეთ დასაბუთებული პასუხი, რატომ არ შეიძლება მივიღოთ კანონი, რომელიც მოქმედებს, როგორც ევროპის რიგ ქვეყნებში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. პასუხი იყო ერთი - „იმიტომ“. ის, რაც ნებადართულია, მაგალითად, საფრანგეთისთვის (სადაც სულ ახლახან მიიღეს ანალოგიური კანონი), აკრძალული აღმოჩნდა ჩვენთვის.
მინდა, შევახსენო ყველას, რომ საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამას ემატება მთავარ ოპოზიციურ ძალად შერაცხული პარტია, რომლის გაუაზრებელი და დამღუპველი პოლიტიკის შედეგად დავკარგეთ ტერიტორიები, მივიღეთ ადამიანების უფლებების არნახული ხელყოფა, დარეკეტებული ბიზნესი და დახურული მედიასაშუალებები. მათი ამოცანა დღესაც ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარედან დამკვეთების დავალებების შესრულებაა.
ამ გამოწვევების ფონზე საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უცხოური გავლენების შემცირება, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა და გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება.
ჩვენ არ გვაქვს უფლება არგუმენტს - „იმიტომ“ გადავაყოლოთ ქვეყნის ბედი. საქართველოს ინტერესების დაცვა, მისი ევროპული მომავლის დაცვა, დამოუკიდებლობის განმტკიცება და ქვეყნის გამთლიანებისკენ სწრაფვა - ეს არის ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ აქვს მოსახლეობის უმრავლესობის სრული მხარდაჭერა.
საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი ქვეყანა და დღესაც მზად ვართ, მეგობრობისთვის, ჯანსაღი ურთიერთობისთვის, სტრატეგიული პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. ხელისუფლება მზად არის, პირნათლად შეასრულოს წარმოდგენილი ცხრა პუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია და გვაქვს მზაობა, გაიხსნას მოლაპარაკებები. მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენი ქვეყანა არ იქნება დაშანტაჟებული, როგორც კანდიდატის სტატუსის დროს მოხდა. გავიხსენოთ ყველამ, კანდიდატის სტატუსის პოლიტიკურად გამოყენება რომ ხდებოდა ქვეყნის და მთავრობის წინააღმდეგ. ადგილი ჰქონდა მანიპულაციებს, რომ ქვეყანაში დაპირისპირება და დესტაბილიზაცია გამოეწვიათ", - თქვა კალაძემ.