დღეს შეიძლება საბედისწერო ნაბიჯი გადადგას ქვეყანაში მოქმედმა ოლიგარქიულმა რეჟიმმა, ქვეყანა პირდაპირ რუსეთის მიმართულებით წაიყვანოს და დააშოროს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
გიორგი ბარამიძის განცხადებით, აშშ-ში ვიზიტის დროს ჰქონდა შეხვედრები, სადაც ყველა მოუწოდებდა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო, რადგან ეს საბოლოოდ ჩაუკეტავს გზას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად.
“ქვეყანაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება საბედისწერო ნაბიჯი გადადგას ქვეყანაში მოქმედმა ოლიგარქიულმა რეჟიმმა და ქვეყანა წაიყვანოს პირდაპირ რუსეთის მიმართულებით და დააშოროს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, აშშ-სა და ევროკავშირს.
მე გუშინ ჩამოვედი აშშ-დან და მქონდა მრავალი შეხვედრა სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კონგრესის ორივე პარტიის წარმომადგენლებთან, ჯეიმს თაუნ ფაუნდეიშენში, ატლანტიკის საბჭოში, უილსონის ცენტრში, NDI-ის და IRI-ის ცენტრალურ ოფისებში, კონგრესმენ იან კინთან, კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარესთან მაიკ ტერნერთან, კონგრესმენ კარლოს ჰიმენესთან და ბილ ფოსტერთან. ყველა ერთხმად აშშ-ში და ევროკავშირში ეუბნება ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, რომ არ დაძლიონ ვეტო, რადგან ეს კანონი არა უბრალოდ ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და მოლაპარაკების დაწყებას, არამედ ზურგს აქცევს საქართველოს მეგობრებს მტრად აცხადებს მათ და საქართველოს უკარგავს შანსს გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა. შესაბამისად, ეს არის ძალიან მძიმე შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ბუნებრივია ეს აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია. “ქართული ოცნების” წევრებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქართველი ხალხი განურჩევლად პარტიულობისა, განურჩევლად ვინ როგორ აფასებს ქვეყნის წარსულს, ყველა ნორმალურ ადამიანს სურს საქართველოს ხილვა ევროკავშირში, ყველას სურს მშვიდობა და სტაბილურობა, ნორმალურ, ცივილიზებულ, განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება. ამიტომ, განურჩევლად პარტიულობისა, დიდი თუ პატარა, დღეს ყველა ერთ მუშტად შეკრული ეუბნება არას რუსულ კანონს და ეუბნება არას იმ რეჟიმს, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ დაბრუნებას ემსახურება.” - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.