საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი ქარტია, თავისი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, წარმოადგენს „ომის ქარტიას“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია, საბოლოო ჯამში, კვლავ ერთ ფანჩატურში შეიკრიბა.
„საერთო ჯამში, ჩვენ ვნახეთ ის, რაზეც ამდენი ხანია, ვსაუბრობთ, რომ არანაირი ფრაგმენტაცია არ არსებობს ოპოზიციაში. სინამდვილეში, ეს არის ერთი ძალა და სალომე ზურაბიშვილი არის ამ რადიკალური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი. გუშინ ზუსტად ეს ვნახეთ ე.წ. ქარტიის სახით, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია, მართლაც ვუწოდოთ „ომის ქარტია“, რადგან აქ შეიკრიბა ომის ყველა პარტია და აქვთ საერთო „ომის ქარტია“. ასე დააანონსეს კიდეც.
პირველი – დააანონსეს, რომ იქნება რეპრესიები არჩევნების შემდეგ. რეპრესიები, ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ სტილშია, ზუსტად იმ სტილში დაანონსდა და ამიტომაც თავისთავად გასაგებია, საითკენ არის მოწადინებული ეს ე.წ. ერთობა. ვერანაირად რომ ვერ დაარწმუნეს მოსახლეობა, თითქოს ცალ-ცალკე ძალები არიან, საერთო ჯამში, შეიკრიბნენ ისევ ერთიან ფანჩატურში, სადაც არაერთხელ იყვნენ. ერთსა და იმავე მდინარეში შედის ოპოზიცია. კარგია, რომ, საბოლოო ჯამში, იქამდე მივიყვანეთ ჩვენ ოპოზიცია, კვლავ ერთ ფანჩატურში შეიკრიბნენ, ზუსტად იმავე მდინარეში შევიდნენ, სადაც იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, 2020 წელს. საბოლოო ჯამში, შედეგი ყოველთვის ერთია. კარგია, რომ ის ფარსი, რომლის საქართველოს მოსახლეობისთვის მიყიდვასაც ცდილობდა ოპოზიცია, თითქოს იყვნენ სხვადასხვა ძალა, დავასრულებინეთ ჩვენ ოპოზიციას, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონმა ეს შედეგი კიდევ ერთხელ გამოიღო საერთო სახის ჩვენებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.