პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი მიიჩნევს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ, შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას საფრთხე შეუქმნას.
ამის შესახებ დაუშვილმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო წარადგინა.
„ფაქტობრივად, ჩვენი ყველა პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოები ღიად აფიქსირებენ პოზიციას ამ კანონთან დაკავშირებით. მათ შორის, ისიც უკვე ძალიან თვალსაჩინოა, რომ იქმნება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის სერიოზული საფრთხე. იმის გათვალისწინებით, რომ დღეისთვის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული და, ფაქტობრივად, ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოები არიან ამ არაღიარების პოლიტიკის მთავარი გარანტორები, თქვენი აზრით, ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, მათ შორის, მოქალაქეების მიმართ ტოტალური ძალადობით და ტერორით, ექმნება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას? იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, არაღიარების პოლიტიკის კუთხით რა რისკი შეიძლება დაუდგეს ჩვენს ქვეყანას? ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების ნაწილში, ამ კუთხით პასუხისმგებელი ვინ არის?“ – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.