პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა "აგენტების კანონზე" საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა.
კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის ვეტო წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ. კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენლები გიორგი მსხილაძეს სთხოვდნენ კანონის მუხლობრივ განხილვას. მსხილაძის განცხადებით, კანონის მუხლობრივ განხილვაში არ შევიდოდა, რადგან იგი მთლიანად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას და ხელს უშლის ევროინტეგრაციას.
„კანონის არსი და შინაარსი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს", - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.
კანონზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა. როგორც მან აღნიშნა, მიზანი, რომელიც ამ კანონს გააჩნია - უცხო ქვეყნებიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით დაწესდეს უფრო მაღალი სტანდარტი, აბსოლუტურად ლეგიტიმურია, თუმცა მიზნის მისაღწევად შესაძლებელი იყო და დღესაც შესაძლებელია არსებულ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები.
"ჩემი აზრით, ამ ფორმით ამ კანონის მიღებამ უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს. ამიტომ, პარლამენტმა ხვალინდელ სხდომაზე უარი უნდა თქვას ვეტოს დაძლევაზე, მითუმეტეს, გვაქვს ამის კარგი მაგალითები და გადაავადოს ვეტოს დაძლევა. შესაბამისად, გაჩნდება სივრცე, სადაც შეიძლება ვიფიქროთ სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანაზე, რომელიც აბსოლუტურად უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რომელიც ამ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მისივე აზრით, პრეზიდენტს უნდა წარედგინა მოტივირებული შენიშვნების ისეთი პროექტი, რომელიც დისკუსიის სივრცეს გააჩენდა.
პრეზიდენტის ვეტოს საკითხი ხვალ, 28 მაისს პარლამენტის პლენარულ სხომაზე განიხილება.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.
"დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, ევროპულ სტანდარტებს და ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს", – განაცხადა პრეზიდენტმა.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 84-მა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 30-მა წევრმა.