იტალიის რესპუბლიკის ქ.რომში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) ევროპის რეგიონული კონფერენციის რიგით 34-ე სესია გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი დაესწრო. სესიაზე მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დაბალი ემისიის და მდგრადი აგროსასურსათო სისტემების გაძლიერებაში ინოვაციებისა და დიგიტალიზაციის როლზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ცვლილებებისა და გამოწვევების დროს სოფლის მეურნეობის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების და წყლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე, მათ შორის, გლობალური და რეგიონული სასურსათო უსაფრთხოების პერსპექტივებზე და სოფლის მეურნეობისა და კვების სისტემების ტრანსფორმაციაზე.
ევროპის რეგიონული კონფერენცია აერთიანებდა FAO-ს წევრ ქვეყნებს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან, ასევე, გაეროს ფონდის, პროგრამების და სპეციალიზებული სააგენტოების წარმომადგენლებს.
FAO-ს სათაო ოფისში გამართულ შეხვედრაზე, ინიციატივის „ერთი ქვეყანა ერთი პრიორიტეტული პროდუქტი“ ფარგლებში, ქართულმა მხარემ ქართული ღვინო წარადგინა.