უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან დიალოგი შეუძლებელია, რადგან ის არ არის დამოუკიდებელი ფიგურა და იმყოფება უკრაინის მიმართ სიძულვილის ვაკუუმში, რომელსაც მხარს უჭერს მისი გარემოცვა. ამის შესახებ ზელენსკიმ Reuters-ს განუცხადა.
ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა დაინტერესებულია თუ არა ამჟამად ის პუტინთან დიალოგით.
ზელენსკიმ განმარტა, რომ ამას ახლა აზრი არ აქვს, რადგან დღეს პუტინი დამოუკიდებელი ფიგურა არ არის.
„ამაშია პრობლემა, მან ტვინი გამოურეცხა ადამიანებს და მასაც გამორეცხილი აქვს ტვინი. ის ინფორმაციულ ბუშტშია – ჩვენი განადგურების სურვილითაა შეპყრობილი.
არ შეიძლება დაჯდე სალაპარაკოდ იმ ადამიანთან, რომლის ერთადერთი მიზანი შენი განადგურებაა. დღეს აქ ვერ იპოვით სამართლიან დიალოგს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, შვეიცარიაში გლობალური მშვიდობის სამიტი არის ერთ-ერთი ფორმატი, რომლის ფარგლებშიც აუცილებელია ნიადაგის მომზადება, „ძლიერი დოკუმენტი და მეტი ზეწოლა რუსეთზე“.
”ის {პუტინი} ყოველთვის არ იქნება ძლიერი, ის დაბერდება, ნებისმიერ შემთხვევაში მოკვდება, ეს არ არის ის, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ ამ მომენტს... წინ უნდა ვიაროთ. უბრალოდ არ შეგვიძლია ჩვენი სახელწმიფოს დათმობა.
მსოფლიო ამდენ ხანს არ იფიქრებს უკრაინაზე, ყველას თავისი გამოწვევები აქვს. ჩვენ შევძელით ამ საინფორმაციო ტალღის აგორება, რომ მარტო არ დავრჩენილიყავით... მაგრამ ახლა დასავლეთში ყველა არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც იყო სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში. მაგრამ მიუხედავად ამისა, არის ძალა და არ შეგიძლია დანებდე.
ის {პუტინი} დღეს არ არის დამოუკიდებელი ფიგურა, ის აგორებს ნარატივების ტალღას, რომ უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატები აკონტროლებს და თავადაც უპირველეს ყოვლისა დიდი ფულით ხელმძღვანელობს... მას კრმელიდან მხოლოდ მკვდარს გამოიტანენ. მისი გარემო ინარჩუნებს მას ამ სისტემაში. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სუსტი წერტილი ამ სისტემაში. თუ ყოველდღე ეძებ და იბრძვი, აუცილებლად გაიმარჯვებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.