TikTok-მა და მისმა ჩინურმა მშობელმა კომპანიამ ByteDance-მ საჩივარი შეიტანეს კოლუმბიის ოლქის სასამართლოში აშშ-ის მთავრობის წინააღმდეგ, რათა წინ აღუდგნენ აპლიკაციის აკრძალვას, რომელსაც ხელი უკვე მოაწერა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ByteDance-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონი არღვევს კონსტიტუციის პირველ შესწორებას, რომელიც იცავს სიტყვის თავისუფლებას.
აშშ-ში მიღებული კანონის თანახმად, ჩინურ კომპანია ByteDance-ს 8 თვეზე ნაკლები დრო აქვს, რათა გაყიდოს TikTok-ი. წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია შეერთბულ შტატებში აიკრძალება.
"აქტივების გაყიდვა უბრალოდ შეუძლებელია კომერციული, ტექნოლოგიური და იურიდიული თვალსაზრისით. ეჭვგარეშეა, რომ ეს კანონი დახურავს TikTok-ს 2025 წლის 19 იანვრისთვის და გააჩუმებს 170 მილიონ ამერიკელს, რომლებიც იყენებენ პლატფორმას კომუნიკაციისთვის", - განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა.
მათივვეე განცხადებით, TikTok-მა 2 მილიარდი დოლარი დახარჯა მომხმარებლის მონაცემების დასაცავად.
ახალი კანონის თანახმად, თუ კომპანია არ შეასრულებს პირობებს, Apple და Google ვერ შეძლებენ მომხმარებლებისთვის TikTok-ის აპლიკაციის შეთავაზებას. ინტერნეტ ჰოსტინგის სერვისებს ასევე აეკრძალებათ აპლიკაციის მხარდაჭერა.
კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ამერიკელმა კანონმდებლებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ TikTok-მა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ეროვნულ უსაფრთხოებას, რადგან ჩინეთის ხელისუფლებას შეეძლო ამერიკელების მონაცემების შეგროვება აპლიკაციის საშუალებით.
ამასთან, ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ „მტკიცედ ეწინააღმდეგება“, TikTok-ის იძულებით გაყიდვას და არ დაუშვებს TikTok-ის ალგორითმის ექსპორტს, რომელიც აპლიკაციის ყველაზე ღირებული ნაწილია.