უკრაინაში ფრონტზე ყველაზე რთული მდგომარეობაა პოკროვსკის, კურახოვსკის, კრამატორსკის, ლიმანსკის, ვრემოვსკისა და კუპიანსკის მიმართულებებზე.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. დღესვე მან შეხვედრა გამართა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, რომელზეც განიხილეს უკრაინული ბრიგადების დაკომპლექტების საკითხი.
ზელენსკიმ პარტნიორები გააფრთხილა, რომ დახმარების შეფერხება ძალიან ძვირი დაუჯდება ყველას მსოფლიოში.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯარისკაცები გავაძლიეროთ და უკრაინას მეტი ძალა მივცეთ ბრძოლებში. მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც გვეხმარება. მადლობა ყველა ლიდერს, ვინც ნამდვილად ასრულებს თავის სიტყვას და ასრულებს იმას, რაზეც შევთანხმდით: დახმარების ყველა პაკეტის, იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება უკრაინისთვის ახლა ძალზე მნიშვნელოვანია
ეს დრო განსაზღვრავს მთელ წელს - როგორც ბრძოლებში, ასევე წვრთნებში და მხარდაჭერაში. ნებისმიერი შეფერხება ახლა - იარაღის, ან ჭურვების, ან ჩვენი ბრიგადების დაკომპლექტების მხრივ - ძალიან ძვირი დაუჯდება მსოფლიოში ყველას, ვისაც ნამდვილად სურს დაცვა რუსეთისგან“, - თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა უკრაინელ ჯარისკაცს, ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა 55-ე ცალკეული საარტილერიო ბრიგადის „ზაპოროჟიე სეჩის“ მეომრებს.