71 წლის ვლადიმირ პუტინმა კრემლის დიდ სასახლეში მეხუთედ დადო ფიცი და შეუდგა რუსეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას მორიგი 6-წლიანი ვადით.
"ჩვენ ერთიანი და დიადი ხალხი ვართ. ერთად გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას, განვახორციელებთ ყველა ჩვენს გეგმას და ერთად გავიმარჯვებთ", - განუცხადა პუტინმა ინაუგურაციაზე დამსწრე საზოგადოებას.
პირველად პუტინმა პრეზიდენტის რანგში ფიცი 2000 წელს დადო. მაშინ ის დაპირდა მოსახლეობას, რომ "შეინარჩუნებდა და განავითარებდა დემოკრატიას" და "იზრუნებდა რუსეთზე".
24 წლის შემდეგ რეალობა განსხვავებულია - უკრაინაში გაჩაღებული ომი, ამ ომისგან მიღებული კოლოსალური დანაკარგები, მიწასთან გასწორებული დემოკრატია, აყვავებული ავტოკრატია. პუტინი ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, აპატიმრებს ან კლავს კრიტიკოსებს, თავიდან იშორებს ყველას, ვინც საფრთხეს უქმნის მის ძალაუფლებას.
"პუტინი ახლა თავს ვლადიმირ დიდად, რუსეთის ხელმწიფედ მიიჩნევს", - ამბობს BBC-სთან საუბრისას ფიონა ჰილი, თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
"თუ ჩვენ პუტინის პირველ ორ საპრეზიდენტო ვადას შევხედავთ, ვნახავთ, რომ მან მართლაც შეძლო პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება და ქვეყანა კვლავ გადახდისუნარიანი გახადა. რუსეთის ეკონომიკა და სისტემა უკეთესად მუშაობდა, ვიდრე უწინ. თუმცა ყირიმის ანექსიამ და უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა დრამატულად შეცვალა ეს ტრაექტორია. მან თავი პრაგმატისტის ნაცვლად იმპერიალისტად აქცია."
საინაუგურაციო სიტყვაში პუტინმა სიტყვები არ დაიშურა "რუსეთის სიდიადეზე" საუბრისთვის. მან დასავლეთი დაადანაშაულა მოსკოვის იზოლაციის მცდელობაში და პირობა დადო, რომ "ჩვენ ყველაფერს მივაღწევთ, რაც განვიზრახეთ, ერთად გავიმარჯვებთ".
ამასთან, პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი უარს არ ამბობს დასავლეთის ქვეყნებთან დიალოგზე. მისი თქმით, რუსეთი მზადაა, ითანამშრომლოს პარტნიორებთან, მხოლოდ თანასწორუფლებიანობის პრინციპების გათვალისწინებით.
პუტინმა თავის სიტყვაში მადლობა გადაუხადა უკრაინაში სამხედროებს “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობისთვის” და “ყველას, ვინც ჩვენი სამშობლოსთვის იბრძვის”.
ამავდროულად, პუტინმა მოქალაქეებს შეახსენა, "სტაბილურობის, და არა სტაგნაციის მნიშვნელობა".
"უნდა გვახსოვდეს შიდა არეულობისა და რყევების ტრაგიკული ფასი, ამიტომ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური სისტემა უნდა იყოს მყარი". – თქვა პუტინმა.
პუტინი რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ 6 წელი, 2030 წლის 7 მაისამდე დარჩება. მეხუთე საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე შესრულების შემთხვევაში, ის იქნება რუსეთის მმართველი ყველაზე ხანგრძლივი ვადით, ივანე მრისხანესა და ეკატერინე მეორის შემდეგ.
რუსეთში საპრეზიდენტი არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა. რუსეთის ცესკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, პუტინმა არჩევნებში 87,28% მიიღო. დასავლეთმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები შეაფასეს როგორც უსამართლო და არათავისუფალი.