დღეს, 7 მაისს კრემლში მეხუთედ გაიმართება ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია.
პუტინი რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ 6 წელი, 2030 წლის 7 მაისამდე დარჩება. მეხუთე საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე შესრულების შემთხვევაში, ის იქნება რუსეთის მმართველი ყველაზე ხანგრძლივი ვადით, ივანე მრისხანესა და ეკატერინე მეორის შემდეგ.
წარსულში, პუტინის საპრეზიდენტო ინაუგურაციები გაიმართა 2000, 2004, 2012 და 2018 წლებში.
დასავლეთის ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი არ იქნება იქნება ინაუგურაციაზე წარმოდგენილი. თუმცა, კრემლის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვევა გაუგზავნეს მოსკოვში აკრედიტებული ყველა დიპლომატიურ მისიას.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, პუტინის ინაუგურაციაზე წარმომადგენლებს ევროკავშირის შვიდი სახელმწიფო გაგზავნის, მათ შორის საფრანგეთი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ელჩის დონეზე.
ევროპელმა დიპლომატმა, ანონიმურობის პირობით, სააგენტოს განუცხადა, რომ ევროკავშირის 20 წევრი ქვეყანა ბოიკოტს უცხადებს პუტინის ინაუგურაციას. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაზე ევროკავშირის წარმომადგენლების დასწრებას ეწინააღმდეგება.
ინაუგურაციის შემდეგ, რუსეთის მოქმედი მთავრობა გადადგება. ამის შემდეგ, პუტინი ორი კვირის ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარუდგენს სახელმწიფო სათათბიროს.
რუსეთში საპრეზიდენტი არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა. რუსეთის ცესკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, პუტინმა არჩევნებში 87,28% მიიღო. დასავლეთმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები შეაფასეს როგორც უსამართლო და არათავისუფალი.