რუსი პუბლიცისტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა, რომელსაც რუსეთის ფედერაციაში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს "ღალატის", "არასასურველ" ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და არმიის შესახებ "ყალბი ინფორმაციის" გავრცელების ბრალდებით, პულიცერის პრემიის ლაურეატი გახდა.
კარა-მურზას პრემია გადაეცა Washington Post-ის მოსაზრებების (Opinion) განყოფილებაში გამოქვეყნებული პუბლიკაციებისთვის, 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში. პუბლიკაციები შეეხება რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რუსეთში პოლიტიკური ცვლილებების შესაძლებლობას და ა.შ.
უფლებადამცველების თქმით, ვლადიმერ კარა-მურზასთვის 2023 წლის აპრილში გამოტანილი 25-წლიანი სასჯელი არის "ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა, რაც კი ოდესმე პუტინის კრიტიკისთვის დაუკისრებიათ".
უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ვლადიმერ ყარა-მურზა პოლიტიკურ პატიმარად აღიარეს.
ვლადიმირ კარა-მურზა 2022 წლის 11 აპრილს დააპატიმრეს, მაშინ, როცა იგი რუსეთში დაბრუნდა აშშ-სა და ევროპაში გამართული შეხვედრებიდან. ამ შეხვედრებზე მან უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილების გამო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა.
პულიცერის პრემია არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდო შეერთებულ შტატებსა და მის ფარგლებს გარეთ.
პირველი პულიცერის პრემია მინიჭებულ იქნა 1917 წლის 4 ივნისს.
პრემიის ლაურეატებს ასახელებს დამოუკიდებელი საბჭო, რომლის ოფიციალურ ადმინისტრირებას ახდენს კოლუმბიის უნივერსიტეტი აშშ-ში. ჯილდო დააფუძნა გვიანდელი მე-19 საუკუნის უნგრელი წარმოშობის ჟურნალისტმა და საგაზეთო გამომცემელმა, ჯოზეფ პულიცერმა.