მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქართულ ენაზე გამოქვეყნდა მსოფლიო პატრიარქის, ბართოლომეოს პირველის სააღდგომო ეპისტოლე.
✠ ბართლომეოსი
წყალობითა ღმრთისათა
მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი
ეკლესიას სისავსეს: დიდებით აღმდგარი ქრისტეს მადლი, მშვიდობა და წყალობა იყოს თქვენ ყოველთა თანა
* * *
ყოვლად ღირსნო ძმანო იერარქნო და უფლისმიერ კურთხეულნო შვილნო,
ყოველთა ძღვენთა მომნიჭებელი ღმრთის ნებითა და მადლით, წმიდა და დიდი მარხვის სარბიელსა და სინანულით განვლილი ჩვენი უფლის ვნების კვირის შემდგომ, აჰა, ვიხარებთ მისი ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულობით, რომლითაც ჯოჯოხეთის ტირანიისაგან ვართ გამოხსნილნი.
ქრისტე უფლის დიდებული მკვდრეთით აღდგომა მოკვდავთა მოდგმის საერთო აღდგომაა და ყოველივე სრულყოფილების გემოს ხილვა, ისევე როგორც საღმრთო იკონომიის სრულქმნა ზეციურ საუფლოში. ეკლესიაში ჩვენ ვმონაწილეობთ აღდგომის გამოუთქმელ საიდუმლოში, განვიწმინდებით მის საიდუმლოებებსა და განვიცდით „სამოთხის ბჭეთა განმხსნელ“ პასექს, არა როგორც წარსულის მოვლენის გახსენებას, არამედ საეკლესიო ცხოვრების არსს, ქრისტეს თანაყოფნას ჩვენ შორის, უფრო ახლოს, ვიდრე ჩვენ საკუთარ თავთან. აღდგომას, მართლმადიდებელი მორწმუნეები საკუთარ თავს ქრისტეში ჭეშმარიტ არსებებად აღმოაჩენენ; ისინი „სიხარულითა გამოუთქუმელითა და დიდებულითა“ (1 პეტ. 1:8) ყოველი საგნის მოძრაობაში ბოლო ჟამამდე ერთვებიან, როგორც „შვილნი ნათლისანი . . . შვილნი დღისანი“ (1 თეს. 5:5).
მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების უმთავრესი თვისება მისი აღდგომისეული პულსია. ფილოსოფოსებმა შეცდომით აღწერეს მართლმადიდებელი სულიერება „უკარებად“ და „შემოდგომისეულად“. ამის საპირისპიროდ, დასავლელები სამართლანად აფასებენ საპასექო გამოცდილების შინაარსისა და სიღრმისადმი მიმართებით მართლმადიდებელთა დახვეწილ აღქმას. თუმცა, ეს რწმენა არასდროს ივიწყებს, რომ გზა აღდგომისაკენ გადის ჯვარზე. მართლმადიდებელი სულიერება არ აღიარებს აღდგომის უტოპიურობას ჯვარცმის გარეშე, არც ჯვრის პესიმიზმს აღდგომის გარეშე. ამ მიზეზით, მართლმადიდებელი ეკლესიის გამოცდილებაში სიბოროტეს არ აქვს ისტორიაში საბოლოო სიტყვა მაშინ, როდესაც აღდგომის რწმენა სიბოროტის არსებობისა და მსოფლიოში მისი შედეგების წინააღმდეგ ჭიდილის წარმმართველი, ძლიერად გარდამქმნელი ძალაა. მართლმადიდებელ თვითაღქმაში ბოროტებისადმი დანებებისა და ადამიანური ურთიერთობებისადმი გულგრილობის ადგილი არ არის. პირიქით, ისტორიის გარდაქმნაში მის წვლილს საღმრთისმეტყველო საფუძველი და ეგზისტენციალური საძირკველი აქვს, და იგი ეკლესიის მსოფლიოსთან გაიგივების რისკის გარეშე განიფინება. მართლმადიდებელი მოწმუნე აცნობიერებს ანტითეზისს ამქვეყნიური რეალობისა და ესქატოლოგიურ სრულყოფილებას შორის; ამიტომაც, მორწმუნე ვერ დარჩება უტყვი მსოფლიოს ნებისმიერი უარყოფითი განზომილების მიმართ. ამ მიზეზით, მართლმადიდებელ ეკლესიას არასდროს განუხილავს მსოფლიოს ცვლილებისაკენ ჭიდილი უშინაარსო საქმედ. ჩვენმა რწმენამ აღდგომაში დაიცვა ეკლესია, როგორც ჩაკეტილობისა და სამყაროსადმი გულგრილობისაგან, ასევე სეკულარიზებისაგან.
ჩვენთვის, მართლმადიდებელთათვის, ჩვენი კეთილმორწმუნეობის მთელი საიდუმლო და ეგზისტენციალური საგანძური დაგროვილია პასექში. როდესაც გვესმის, რომ მენელსაცხებლენი „განჰკრთეს“ „შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა“ (მკ. 16:5), ეს ახასიათებს ჩვენი რწმენის გამოცდილების უსაზღვროებას და არსს, როგორც ეგზისტენციალური სასწაულის გამოცდილებას. როდესაც გვესმის, რომ ისინი „განჰკრთეს“, ჩვენ ვპოვებთ ჩვენ თავს საიდუმლოს წინაშე, რომელიც მით უფრო ღრმავდება, რაც უფრო მივიწევთ მისკენ, ნათქვამის შესაბამისად, რომ ჩვენი რწმენა „არ არის გზა საიდუმლოდან ცოდნისაკენ, არამედ ცოდნიდან საიდუმლოსაკენ“.
მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლოს უარყოფა ეგზისტენციურად ამცრობს ადამიანურ ბუნებას, საიდუმლოს პატივისცემა სასუფევლის კარიბჭეს ხსნის. აღდგომის რწმენა ჩვენი თავისუფლების უღრმესი და უცხადესი გამოხატულებაა; უფრო სწორად, იგი თავისუფლების დაბადებაა, როგორც ნებაყოფილებითი მიღება უზენაესი საღმრთო ძღვნისა – მადლით განღმრთობისა. „აღდგომის განმცდელი“ მართლმადიდებელი ეკლესია „ავთენტური თავისუფლების“ სივრცეა, რაც ქრისტიანული ცხოვრებისათვის საფუძველი, გზა და დანიშნულებაა. ქრისტეს აღდგომა თავისუფლების კეთილი უწყება, თავისუფლების ძღვენი და „საერთო თავისუფლების“ მამის, ძისა და სულიწმიდის საუფლოში „საუკუნო ცხოვრების“ გარანტია.
ამ გრძნობებით, ძვირფასო ძმებო და საყვარელო შვილებო, „ყველას მიერ გაზიარებულ დღესასწაულში“ მონაწილეობით აღვსებული სრული სიხარულით, წარუვალი ნათლისაგან ნათლის მიღებისა და ყველასათვის ცხოვრების მომტანი მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესთვის დიდების მიგებებით – მაშინაც კი, როდესაც ამ სადღესასწაულო „ჩინებულ და წმიდა დღეს“ ვიხსენებთ რთულ მდგომარეობაში მყოფ ყველა ჩვენ დასა და ძმას – ვევედრებით „სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველ“ ჩვენ უფალს, სიმშვიდის ღმერთს, რათა მან მშვიდობა მოუტანოს მსოფლიოს და წარგვიმართოს ჩვენი ნაბიჯები მისთვის სათნო ყოველი კეთილი საქმისაკენ, გამოცხადებით საზეიმო საგალობლისა „ქრისტე აღდგა!“
ფანარი, წმიდა პასექი 2024
✠ ბართლომეოს კონსტანტინოპოლელი
მკვდრეთით აღმდგარი უფლის წინაშე
თქვენ ყოველთათვის მხურვალედ მვედრებელი