დღეს, 4 იანვარს, ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსის, ისააკ ნიუტონის დაბადებიდან 368 წელი სრულდება. დიდი მეცნიერის დაბადების დღეს ინგლისში ყოველწლიურად აღნიშნავენ.
სერ ისააკ ნიუტონი 1643 წლის 4 იანვარს გრემთემის მახლობლად, სულსთორპში დაიბადა. ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გავლენიანი მეცნიერის სახელი უკავშირდება მეცნიერულ რევოლუციასა და ჰელიოცენტრიზმის განვითარებას.
ნიუტონის მეცნიერულ მიღწევათა შორის მთავარია ნაშრომი "ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები", სადაც ის მსოფლიო მიზიდულობას აღწერს. ხოლო ნაშრომებში გადაადგილების კანონთა შესახებ მან დასაბამი მისცა მეცნიერებას კლასიკური მექანიკის შესახებ. გოტფრიდ ლაიბნიცთან ერთად მას ეკუთვნის წვლილი ინტეგრალური და დიფერენციალური აღრიცხვის განვითარებაში. ნიუტონი პირველი იყო, ვინც ჩამოაყალიბა დედამიწისა და პლანეტების მოძრაობის მმართველ ძალთა შესახებ ბუნების კანონთა მთელი წყება და მასვე ეკუთვნის კეპლერის კანონების მათემატიკური ანალიზი, რომელშიც ამტკიცებს, რომ ციური სხეულები მოძრაობენ ორბიტებზე, რომლებიც წარმოადგენენ ყველა სახის კონუსურ კვეთებს (როგორიცაა ელიფსი, ჰიპერბოლა, პარაბოლა).
ნიუტონმა აღმოაჩინა, რომ ფერთა სპექტრი წარმოჩენილი თეთრი სინათლის სხივის პრიზმაში გავლისას თვით თეთრ სინათლეს ეკუთვნის და პრიზმის დანამატი არაა (როგორც როჯერ ბეკონი ამტკიცებდა მე-13 საუკუნეში) და ასევე ამტკიცებდა, რომ სინათლე ნაწილაკებისგან შედგება. ნიუტონმა განავითარა თბოგამტარობის კანონი, დაამტკიცა ბინომიალური თეორემა, ასევე აღმოაჩინა იმპულსის და იმპულსის მომენტის მუდმივობის კანონები.
ნიუტონს მათემატიკის გენიად მიიჩნევენ. ჟოზეფ ლუი ლაგრანჟის თქმით: "ნიუტონი უდიდესი გენიოსია, რომელიც კი ოდესმე გაჩენილა ამქვეყნად და ასევე ყველაზე იღბლიანი, ვინაიდან სამყაროს სისტემის დადგენა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი".
ნიუტონი 1727 წლის 31 მარტს კენსინგტონში გარდაიცვალა.