ცნობილი ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის ნახატი, რომელიც თითქმის 100 წლის განმავლობაში დაკარგულად იყო მიჩნეული, 24 აპრილს ვენაში აუქციონზე 30 მილიონ ევროდ გაიყიდა. მიღებული შემოსავლის ნაწილი გადაეცემა შთამომავლებს ებრაელი მრეწველების ოჯახისა, რომელმაც პორტრეტი შეუკვეთა.
ვენის im Kinski-ის აუქციონის სახლმა მიმდინარე წლის იანვარში გამოაცხადა, რომ დაუსრულებელი "ფროილაინ ლიეზერის პორტრეტი" იპოვეს და მას აუქციონზე გაიტანდნენ.
პორტრეტი 1917 წელს, კლიმტის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, ებრაელი მრეწველების ოჯახმა შეუკვეთა. ბოლოს საზოგადოებამ ნახატი 1925 წელს გამოფენაზე ნახა.
ექსპერტები დღემდე კამათობენ იმაზე, თუ ვინ არის ზუსტად გამოსახული ნახატზე და რა დაემართა მას ნაცისტების ჰოლოკოსტის დროს.
ხელოვნების ისტორიკოსები ტობიას ნატერი და ალფრედ ვაიდინგერი მიიჩნევენ, რომ ეს არის მარგარეტა კონსტანცია ლიეზერი, მრეწველ ადოლფ ლიეზერის ქალიშვილის პორტრეტი. თუმცა im Kinsky -ის აუქციონის სახლი ვარაუდობს, რომ ნახატზე შესაძლოა ადოლფის ძმის, იუსტუს ლიეზერის ერთ-ერთი ქალიშვილიც იყოს გამოსახული.
იუსტუსის ცოლი, ჰენრიეტა, თანამედროვე ხელოვნების მფარველი იყო. იგი გარდაიცვალა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში.
იუსტუსის და ჰენრიეტას ორივე ქალიშვილი, ჰელენა და ენი, გადაურჩნენ მეორე მსოფლიო ომს.
აუქციონის სახლი im Kinsky იხსენებს, რომ ნახატის კვალი დაიკარგა ჯერ კიდევ ომამდე და 1925 წელს ნაცისტების მიერ ებრაელების ქონების ძარცვამდე.
ვინ გაყიდა ნახატი და ვინ იყო მისი ბოლო მფლობელი, უცნობია.
აუქციონამდე ნახატი გამოფენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა გალერეებში, მათ შორის ბრიტანეთში, შვეიცარიაში, გერმანიასა და ჰონგ კონგში.