საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„პირობას ვდებ, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურეებს ამას არასდროს გავუკეთებთ. მე სამსახურის დაკარგვას ვერავის ვურჩევ, მაგრამ ვურჩევ ერთ რამეს: ყველასგან აიღეთ ფული, საბოლოოდ კი, შემოხაზეთ 36“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩია პოლიტიკოსებს ურჩევს ხელი არ შეუშალონ აქციას.
„არცერთი ადამიანი, რომელიც ჩამოყვანილია რეგიონიდან, არ არის იმ მოტივაციით, რა მოტივაციითაც ადამიანები „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსებს ვურჩევდი, საქართველოს მოსახლეობას ხელი არ შეუშალონ 29 აპრილის, „ქოცური“ აქციის რეფორმირებისთვის, რადგან ძალიან დიდი შანსია, ეს ადამიანები, რომლებსაც აქ „ქოცები“ შეკრებენ, გამოვიდნენ და „არა რუსულ კანონსო“ მოითხოვონ. ამის იმედი მაქვს. ხალხი, რომელიც აქციაზე მოდის, არ მოდის იმისთვის, რომ თქვას „კი, რუსულ კანონს“. ისინი მოდიან, რათა მთავრობამ დაავალა და დაემუქრა, რომ სამუშაო ადგილს დაკარგავენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.