ეს უდიდესი გამოწვევაა, რომელმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს საქართველოს მთელ გზას ევროკავშირის წევრობისკენ, - ამის შესახებ ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ რიჰარდს კოლსმა საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის ხელახალ წარდგენაზე “ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა.
ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც ამ ზაფხულს ევროპარლამენტის წევრადაც იყრის კენჭს, ამბობს, რომ მათი პრეროგატივა არაა უკარნახონ სუვერენულ ქვეყანას, როგორ მიიღონ გადაწყვეტილებები, მაგრამ მათ უნდა მოუსმინონ იმ გაფრთხილებებს, რომლებიც ახლა ისმის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან.
“რა თქმა უნდა, ეს [კანონი] საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ, კონკრეტულად კი ევროკავშირის წევრობას", - ცალსახად პასუხობს ამ თემაზე დასმულ ჩვენს კითხვას რიჰარდს კოლსი. "ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში გაწევრიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ქართველების 80% მხარს უჭერს ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ. ეს სწრაფვა მის კონსტიტუციაშიცაა ჩაბეჭდილი. ამიტომ, ეს არის გარკვეულწილად ქართველი ხალხის ღალატი. ახლა, ერთი პარტია პოტენციურად ძირს უთხრის მთელი ქვეყნის ბედს, ხალხის ნებას“, - თქვა კოლსმა „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
რიჰარდს კოლსი ამბობს, რომ ეს არაა ერთაადერთი პროცესი, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული კურსის შესახებ დასავლეთში, მეგობარ ქვეყნებს კითხვებს უჩენს. მათ შორისაა საქართველოს პარლამენტის მხრიდან უკრაინაში რუსეთის აგრესიის არასათანადო დაგმობა, სანქციებზე უარის თქმის შემდეგ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამიზნული დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება და ა.შ.
"ეს [კანონი] იძლევა ინსტრუმენტს, რომელიც ხელს შეუწყობს არა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, არამედ - შეზღუდვას, იმ მექანიზმების ქონას, რომ “თუ კარგად არ მოიქცევით, შეიძლება ამის შედეგები მოიმკათ” - ამბობს ჰოლსი და კიდევ ერთხელ კითხულობს, რატომაა საჭირო ამ კანონის ამ ფორმით მიღება მაშინ, როდესაც ფინანსური ინფორმაცია სახელმწიფოს ამ ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ისედაც საკმარისად აქვს.
"თქვენ ახლაც გაქვთ კანონმდებლობა, რომელიც მოითხოვს დეკლარაციების შევსებას, დაფინანსების წყაროს გამხელას, დაამფუძნებლების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენას. აქ საიდუმლო არაფერია. და კიდევ ერთხელ ვკითხულობთ რატომ? რატომ უნდა წავიდეთ უფრო შორს, როცა სამყაროს დემოკრატიული ნაწილის საუკეთესო პრაქტიკა, სადაც გამჭვირვალობა მართლაც მნიშვნელოვანია, არ ეფუძნება მსგავს კანონებს", - განმარტავს ლატვიელი პარლამენტარი.