თუ ივანიშვილის ხელისუფლებას არ სურს პროვოკაცია, რობოკოპების მეშვეობით ხალხთან დაპირისპირება, ძალადობა, ყველაზე მშვიდობიანი გამოსავალი არსებობს შემდეგში - ჩაატარონ პლებისციტი არჩევნებთან ერთად და ხალხმა გადაწყვიტოს მშვიდობიანად ამ კანონის ბედი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობი“ს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ცივილიზებულ სამყაროში ერთი ქვეყანა არ მოიძებნება, რომელიც იტყვის, რომ ეს კანონი კარგია საქართველოს მოქალაქისთვის და ამას თვითონაც აღიარებენ, რომ არ ჰყავთ მოკავშირე.
„ივანიშვილის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს დაუპირისპირდეს ხალხს და თქვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც ისმენდით პოზიციებს, როცა ფაქტობრივად უარგუმენტოდ ცდილობდნენ რუსული კანონის დაცვას. ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინ მთელი დღე ამბობდნენ, რომ ეს არის ფრანგული კანონი, მაგრამ დღეს საფრანგეთის ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის ფრანგული კანონი და ცხადია, არაფერი აქვს საერთო ფრანგულ კანონთან. ისინი ამბობდნენ, რომ ამერიკულია ეს კანონი და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიოდ და გასაგებად თქვა, რომ ეს კანონი ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს არის ჩვენი ხალხის ურყევი ნება და ამ ყველაფერს ჩვენდა სამწუხაროდ საბოტაჟირებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელმაც წამოიწყო ეს დიდი პროვოკაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. დღეს, ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტში სრულიად ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რომ იქნებ დღეს ვერ შეძლონ ამ კანონის მიღება და გვაქვს იმედი, რომ პროცედურებიდან გამომდინარე ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რომ დღევანდელი დღეც შევინარჩუნოთ და მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის აქტიურობა. თქვენ ხედავთ ათი ათასობით საქართველოს მოქალაქეს ქუჩებში, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებენ რუსულ კანონს. მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, თითოეული საქართველოს მოქალაქის აქტიურობა იმისთვის, რომ იქნებ როგორმე უკან დავახევინოთ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ იძალადონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. სხვა შემთხვევაში ჩვენ შევთავაზეთ ივანიშვილის ხელისუფლებას მშვიდობიანად, წყნარად გადაწყდეს ეს საკითხი და შესაბამისად ჩატარდეს თუნდაც პლებისციტი არჩევნებთან ერთად ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუ მათ არ სურთ პროვოკაცია, თუ მათ არ სურთ რობოკოპები მეშვეობით დაუპირისპირდნენ ხალხს, თუ მათ არ სურთ ძალადობა, ყველაზე მშვიდობიანი გამოსავალი არსებობს შემდეგი - ხალხმა გადაწყვიტოს ამ კანონის ბედი, რადგან საქართველოს მოქალაქეს არ უნდა რუსული კანონი, ცივილიზებულ სამყაროში ერთი ქვეყანა არ მოიძებნება ვინც ამბობს, რომ ეს კარგია საქართველოს მოქალაქისთვის და ამას თვითონაც აღიარებენ, რომ არ ჰყავთ მოკავშირე.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა