ივანიშვილის პარტია რუსული კანონით საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს, - ამის შესახერბ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
ცისკარიშვილის განცხადებით, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო აღარ იქნება აღქმული როგორც ერთიანი დიდი ევროპული ოჯახის წევრი.
„ივანიშვილის პარტიას როდესაც შარშან ჰქონდა მცდელობა გაეტანა რუსული კანონი, კონსოლიდირებულმა ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა ხალხმა, ახალგაზრდებმა, ყველამ ერთად მივაღწიეთ გამარჯვებას, არ მივეცით უფლება, რომ ე.წ. აგენტების კანონი ცხოვრებაში განეხორციელებინათ. ამის შედეგი კი დადგა წლის ბოლოს, როდესაც ბრიუსელმა საქართველოს მისცა კანდიდატის სტატუსი. დიდწილად სწორედ ქართველი ხალხის მხრიდან მარტში გამართული ბრძოლის დამსახურება იყო, რამაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვაპოვებინა. ბიძინა ივანიშვილის პარტია ცდილობს მეორე რაუნდი ჩაატაროს და მათი პოლიტიკური ეგო დაიკმაყოფილოს იმით, რომ მაინც თავისი გაიტანოს და მაინც მიიღოს ეს კანონი და სწორედ ამ ნაბიჯით საფრთხის ქვეშ დააყენოს ჩვენი ევროპული ინტეგრაცია როგორც ინსტიტუციური პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობებით. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში საქართველო აღარ იქნება აღქმული როგორც ერთიანი დიდი ევროპული ოჯახის წევრი, სადაც ყველაფერი არის გამჭვირვალე, პროგნოზირებადი, სადაც ინვესტიციებისთვის, ტექნოლოგიებისთვის, განათლებისთვის არის მიმზიდველი გარემო, შემოდის კაპიტალი, საქმდება ხალხი, მაღალანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილები იქმნება, ამ ყველაფრის წინააღმდეგ მიდის ივანიშვილის პარტია, რადგან თვითონ ისედაც კარგად გრძნობენ თავს და შოულობენ მილიონებს, მაგრამ ქართველ ხალხს სჭირდება ევროპასთან ინტეგრაცია, ევროპული კაპიტალი, ევროპული ინვესტიციები, შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფი ტემპით გაიზარდოს, გაძლიერდეს და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა გახდეს შესაძლებელი.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.