"ნოვაია გაზეტას" სპეციალურმა კორესპონდენტმა წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული ნაურუ მოინახულა. "კუნძული რუსეთის სიყვარულით - ადგილი სადაც გათეთრებულია რუსული კრიმინალისგან მიღებული მილიარდები და სადაც დღემდე ელიან ფულს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის", _ ასე იწყება რუსი ჟურნალისტის სტატია ნაურუს შესახებ.
"ზუსტად ერთი წლის წინ 15 და 16 დეკემბერს მსოფლიოში ყველაზე პატარა სუვერენულმა სახელმწიფო ნაურუმ თავისი საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრის კირენ კეკეს სახით აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა და ამით იგი რუსეთის მთავარი პარტნიორი გახდა. მოსკოვის ხელისუფლებამ მაშინვე გამოაცხადა, რომ დამოუკიდებლობის აღიარებისგან დამოუკიდებლად, ნაურუს სახელმწიფოსათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გეგმავდნენ", _ წერს ჟურნალისტი.
"ბატონი მინისტრის ჰალსტუხზე მარხილში შებმულ ირმებზე სანკტა კლაუსი მიფრინავს. თავად მინისტრი ახალგაზრდაა, ფართო მხრებით, ნაურუელების მთავარი სპორტი ხომ მძიმე ათლეტიკაა. მათ შორის ქალების. ამიტომაცაა რომ ისინი ყველა მძიმე ათლეტებს ჰგვანან", - წერს კორესპონდენტი და აღნიშნავს, რომ მინისტრის განცხადებით, ნაურუში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედით რუსეთთან ურთიერთქმედების ფარგლებში დაინტერესდნენ. ისინი რესპუბლიკებს ნახევარი წლის განმავლობაში თვალყურს ადევნებდნენ და ამის შემდეგ რუსეთს სთხოვეს იქ მათი ვიზიტი უზრუნველეყო".
"მივხვდით, რომ ორივე რესპუბლიკის მცხოვრებლები ისტორიულად დამოუკიდებელნი იყვნენ. მათ არასოდეს ჩაუთვლიათ თავი საქართველოს ნაწილად და ყოველთვის ხელისუფლების თავიანთი ორგანოები ჰქონდათ. ისინი ძალიან ჰგვანან ნაურუს წარსულს - მაშინდელს, როდესაც ჩვენც დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით. კარგად გვახსოვს, როგორი მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის სხვა ქვეყნების მხარდაჭერა", - აცხადებს მინისტრი და დასძენს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ისტორია მათ ოფიციალურ აღიარებამდე ადრე დაიწყო. მაშინ, როდესაც ნაურუს მიწვევით კუნძულზე რუსეთის ელჩი ავსტრალიაში, ალექსანდრე ბლოხინი ჩავიდა. მისი დაბრუნების შემდეგ გამოცხადდა კიდეც, რომ რუსეთი ნაურუს ჰუმანიტარულ დახმარებას აპირებს.
რუსმა ჟურნალისტმა ნაურუელ მინისტრს განუცხადა, რომ ბევრი ამტკიცებს, რომ დამოუკიდებლობის აღიარება და მატერიალური დახმარება ეს ერთი საკითხია და არა ორი.
"ეს საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი რეაქცია იყო, მაგრამ ეს ორი სრულიად სხვადასხვა რამეა. ჩვენ ამის გარეშეც აქტიურად ვამყარებთ ურთიერთობას ახალ ქვეყნებთან", _ აცხადებს მინისტრი.
აღსანიშნავია, რომ 2002 წელს ნაურუმ უარი განაცხადა ტაივანის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და დიპლომატიური ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დაამყარა. სწორედ მისგან მიიღო მან ამის გამო დახმარება 130 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა 2005 წელს ნაურუმ გადაიფიქრა, გაწყვიტა პეკინთან ურთიერთობა და ახლა უკვე ფინანსურ დახმარებას ტაილანდისგან იღებს.
"ზოგადად აღიარებებით ვაჭრობა ამ ქვეყნის რიგითი ბიზნესია' - აღნიშნავს ავტორი და წერს, რომ ოცი გამოკითხულიდან სიტყვები "აფხაზეთი" და "სამხრეთ ოსეთი" მხოლოდ ოთხს სმენია.
ჟურნალისტი სტატიაში ნაურუს აღწერს: ნაურუს მთავარი სასტუმროს "მენენის" ფასადი ოკეანეზე გადადის. ფასადის გარე მოპირკეთება დიდი ხანია მოძველებულია. მოაჯირები დაჟანგებული, ცარიელი აუზის ფსკერზე კი ობია. ნომრებში პლასტმასის სკამები და ტუმბოებია, კაფელი გატეხილია, ღამით კი სასტუმროში ხელისგულისოდენა ტარაკნები დარბიან. ნაურუ - ეს რა თქმა უნდა ხვრელია, - აღნიშნავს ავტორი და აგრძელებს: სახელმწიფოს დედაქალაქი არ აქვს, იმიტომ, რომ არ აქვს ქალაქები. ქალაქების ნაცვლად 14 ოლქია. არ არის ქუჩები, გზები კარგია, თუმცა გზის რაოდენობა მხოლოდ ერთია. მისი სიგრძე 19 კილომეტრია და გავლა 4 საათში შეიძლება. მტკნარი წყალი ნაურუში არ არსებობს. ნაურუელებმა ახლახან ისწავლეს ზღვის წყლის სასმელ წყლად გარდაქმნა. მანამდე სასმელი წყალი ცისტერნებით ჩამოჰქონდათ. აქ უმუშევრობაა.
ღირსშესანიშნაობები არ არის. მთავარი გართობა ეკლესიაში სიარული და გზაზე სეირნობაა. ნაურუს ვალუტა არ აქვს. აქ ავსტრალიური დოლარია მიმოქცევაში. ჰქონდათ ერთი ბანკი რომელიც 10 წლის წინ დაინგრა. სამაგიეროდ, ენა ორი აქვთ, ნაურუული და ინგლისური, რომელზედაც ყველა საუბრობს.
კითხვა არის თუ არა ნაურუში ტურიზმი - ქრება იმ წამსვე, როგორც კი აეროპორტს გამოსცდებით. კუნძულზე პლაჟები არ არის. იქ არის გოლფ კლუბი ბალახის გარეშე, აუზები წყლის გარეშე და სუვენირების მაღაზია, სადაც იყიდება საპონი და ბრინჯი.
"როდესაც ჩვენთან ტურისტები ჩამოდიან, იცით როგორ ვუწოდებთ მათ - "დაკარგულებს", - აცხადებენ თავად ნაურუელები.
ნაურუს ერთადერთი გზის ორივე მხარეს ბარაკის ტიპის ერთსართულიანი სახლებია. მინები არ არის. კედლებში ხვრელებია. სარკმლებში რაღაც ნაჭრებია ჩამოფენილი, ირგვლივ ნაგვის გროვებია. პალმების ჩრდილში კი მაწანწალა ძაღლებს სძინავთ... მორგი კუნძულზე არ არის, ამიტომაც გარდაცვლილებს უკანა ეზოში გარდაცვალების დღესვე მარხავენ. ნაურუში რუსეთს "დიდ ძმას" უწოდებენ.
ნაურუს მიერ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ელჩი ალექსანდრე ბლოხინი ნაურუში აღარ ჩასულა.