უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ მხოლოდ ვლადიმირ პუტინის ქმედებები აჩვენებს მის მზადყოფნას, დაასრულოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
„პუტინმა უნდა გააცნობიეროს ომის გაჭიანურების შედეგები. მან წარსულში ძალიან ბევრჯერ მოიტყუა, მის სიტყვას ფასი არ აქვს. ახლა მხოლოდ მის ქმედებებს შეუძლია აჩვენოს, ნამდვილად მზად არის თუ არა ის ტერორისა და ომის დასასრულებლად“, - დაწერა სიბიჰამ სოციალურ ქსელში.
„სწორედ ამიტომ, სტრატეგია - მშვიდობა ძალის მეშვეობით ჩვენს პრიორიტეტად რჩება. მოსკოვზე ზეწოლის გაზრდა და უკრაინის გაძლიერება მშვიდობის ხელშეწყობის კრიტიკული კომპონენტებია“, - განმარტა საგარეო საქმეთა მინისტრმა
სიბიჰამ აღნიშნა, რომ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს - ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპს შორის საუბარი შინაარსიანი და პროდუქტიული იყო.
„ჩვენ ვაფასებთ ამერიკული მხარისგან მიღებულ დადებით სიგნალებს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საიმედო ინფრასტრუქტურის შემუშავებაზე მუშაობის მზადყოფნასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, ორგანიზება გაუწიოს უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრას“, - განაცხადა მან.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კრიტიკულ დროს უკრაინა მჭიდრო კოორდინაციას უწევს თავის ქმედებებს ყველა მოკავშირესთან და მადლობას უხდის მათ მხარდაჭერისა და ერთიანობისთვის.
„ტრანსატლანტიკური ერთიანობა აუცილებელია ყველა ჩვენგანისთვის მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად.
„უკრაინა კვლავ ერთგულია სამშვიდობო ძალისხმევის. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა შესაძლებლობის გამოყენებას, რაც არ უნდა მცირე იყოს ის, ომის დასასრულებლად, სიცოცხლის გადასარჩენად და ჩვენი ხალხის გასათავისუფლებლად“, - განაცხადა სიბიჰამ.
მან ასევე განაცხადა, რომ საუბრის დროს პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პირველ ლედის, მელანია ტრამპს, იძულებით დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების მიზნით გაწეული გულწრფელი ყურადღებისა და ძალისხმევისთვის.
„ეს ჰუმანიზმის ნამდვილი აქტია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მშვიდობის მისაღწევად და უკრაინის ყველა სფეროში გასაძლიერებლად“, - წერს სიბიჰა.