უკრაინას ნათლად ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენ ეტაპობრივად ვგეგმავთ პარტნიორებთან მუშაობას. უახლოესი თვეები, მაისი და ივნისი უნდა გახდეს უკრაინისთვის აქტიურობის დრო, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს ამ ომში. ჩვენ ნათლად გვესმის, რისთვის ემზადებიან, რა უნდათ რუსეთში, რომ შეკრიბონ ჯარისკაცები თავიანთი არმიისთვის. ყველა ჩვენგანს, ჩვენს პარტნიორებს, უნდა გვქონდეს პასუხი რუსეთის ოპერაციებზე, ნებისმიერ ოპერაციაზე. ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი. ეს არის უკრაინის ისტორიული შანსი, დაარღვიოს რუსული რევანშიზმი და ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით ჩვენი შვილების საიმედო უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოისმინა დეტალური მოხსენება ოლექსანდრ სირსკისგან საკვანძო მიმართულებებზე არსებული ვითარების შესახებ, პოზიციების დაცვასა და გაძლიერებაზე. ასევე განიხილეს თავდაცვის ძირითადი გეგმები და უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქტიური მოქმედებები.
შეგახსენებთ, ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი ივნისიდან დამატებით 300 ათასი ჯარისკაცის მობილიზებისთვის ემზადება.