სელჩუკ ბაირაქტარმა, შესაძლოა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტის პოსტზე შეცვალოს ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
„თურქეთში, Bayraktar -ის დრონმა 42 წლის აერონავტიკის ინჟინერი [სელჩუკ ბაირაქტარი] სახალხო გმირად აქცია, რომელმაც ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე გაიყვანა და შესაძლოა მის მომავალ ლიდერადაც იქცეს“, - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ მას მხარდამჭერები სთავაზობენ კენჭი იყაროს თურქეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში და გახდეს პრეზიდენტ ერდოღანის შემცვლელი. „გამოკითხვის მონაცემები აჩვენებს, რომ ის არის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საზოგადო მოღვაწე“, - წერს WSJ.
Bayraktar-ის დრონებს უკრაინა თავდაცვისთვის აქტიურად იყენებდა რუსული შეჭრის დასაწყისში. აზერბაიჯანმა ეს დრონები სომხური ძალების წინააღმდეგ 2020 წელს გამოიყენა. Bayraktar-ის უპილოტო საფრენი აპარატები ლიბიაშიც გამოიყენებოდა და ცოტა ხნის წინ ისინი რუმინეთმა და პოლონეთმაც შეიძინეს.
რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ კომპანია Baykar -ის შემოსავალი იარაღის გაყიდვიდან 94%-ით გაიზარდა და პირველად მოხვდა იარაღის მსოფლიოს 100 უმსხვილესი მწარმოებლის სიაში.
სელჩუკ ბაირაქტარი არ გამორიცხავს, რომ ერდოღანმა მას სთხოვოს მონაწილეობა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ”შეიძლება მე ვთქვა დიახ, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება გარემოებებზე”, - განაცხადა მან The Wall Street Journal-თან ინტერვიუში
თურქეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს შეუძლია ზედიზედ არაუმეტეს ორი ვადით პრეზიდენტის პოსტის დაკავება. 2023 წლის მაისში ერდოღანი ხელახლა აირჩიეს მეორე ვადით ხმების 53,41%-ით, მაგრამ ოპოზიციური პარტიები ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო ფაქტობრივად მესამე ვადა, ვინაიდან ერდოღანი პრეზიდენტი იყო 2014-2018 წლებში, მაგრამ საპარლამენტო რესპუბლიკის დროს. (2017 წლიდან თურქეთი გახდა საპრეზიდენტო რესპუბლიკა). 2023 წელს გამარჯვების შემდეგ ერდოღანმა პირობა დადო, რომ მესამე ვადით არ იყრიდა კენჭს, მაგრამ თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია.
შეგახსენებთ, კომპანია Baykar-ი უკრაინაში დრონების ქარხანას აშენებს. ჰალუკ ბაირაქტარის განცხადებით, ქარხნის მშენებლობის დასრულებას დაახლოებით 12 თვე დასჭირდება.
ძმები ჰალუკ და სელჩუკ ბაირაქტარები, რომლებიც კომპანია Baykar Makina-ს დამფუძნებლები, მფლობელები და მმართველები არიან, ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და უკრაინელ სამხედროებს რამდენჯერმე უსასყიდლოდ გადასცეს დრონები, მოხალისეების მიერ შეგროვებული თანხა კი უკრაინელი ლტოლვილების საჭიროებებს მოხმარდა.
მათივე თქმით, ისინი ამაყობენ, რომ თურქული დრონები უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.