თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანია Baykar Makina-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ მოსკოვს არაფრის ფასად არ მიჰყიდის დრონებს. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ჩვენთვის ფული არ არის პრიორიტეტი. ფული და მატერიალური რესურსები არასდროს ყოფილა ჩვენი ბიზნესის მიზანი. ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა უკრაინასთან მრავალი წელია გრძელდება. ამიტომ, რა თანხაც არ უნდა შემოგვთავაზონ, მართალი გითხრათ, ამ სიტუაციაში მათ [მოსკოვისთვის დრონების] გადაცემაზე საუბარი არ შეიძლება. ამ პერიოდში მთელი ჩვენი მხარდაჭერა მთლიანად უკრაინის მხარესაა. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი კავშირი უკრაინასთან და უკრაინა ძალიან უსამართლო, აგრესიული და არაგონივრული შეტევის ქვეშ იმყოფება. და შესაბამისად, არაფერი დაჩრდილავს ჩვენს თანამშრომლობას უკრაინასთან, რა თანხაც არ უნდა შემოგვთავაზონ, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია", - თქვა ბაირაქტარმა.
ძმები ბაირაქტარები, რომლებიც კომპანია Baykar Makina-ს დამფუძნებლები, მფლობელები და მმართველები არიან, ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და უკრაინელ სამხედროებს რამდენჯერმე უსასყიდლოდ გადასცეს დრონები, მოხალისეების მიერ შეგროვებული თანხა კი უკრაინელი ლტოლვილების საჭიროებებს მოხმარდა.
მათივე თქმით, ისინი ამაყობენ, რომ თურქული დრონები უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.
Bayraktar-ის საბრძოლო დრონებს უკრაინის არმია წარმატებით იყენებს რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.
ფოტო: BBC