იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი უკვე მზად არის. ამ განცხადებით ის გამოეხმაურა ვიცე-პრემიერის, ტრანსპორტის მინისტრ მატეო სალვინის განცხადებას, რომ შეეცდება, შეწყდეს იტალიის მიერ კიევისთვის გაწეული ეკონომიკური და სამხედრო დახმარება.
„ჩემი პოზიცია ყველასთვის ცნობილია: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ მის დახმარებას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, - განაცხადა ტაიანიმ, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „წინ, იტალიის“ ლიდერმა, მილანში ჟურნალისტებთან საუბრისას.
„სამხედრო დახმარების მომდევნო პაკეტი უკვე მზად არის და კიევს მას რაც შეიძლება მალე გავუგზავნით“, - დასძინა მან.
სალვინი კრიტიკის ობიექტი გახდა საკუთარი პარტიის ზომიერი ფრთის წარმომადგენლების მხრიდან. ისინი უკმაყოფილონი არიან პარტიის პოლიტიკური კურსის ცვლილების გამო.
53 წლის სალვინი პარტიას, რომელსაც იმ დროს „ჩრდილოეთის ლიგა“ ეწოდებოდა, 2013 წელს ჩაუდგა სათავეში. პარტიის ქვეყნის მასშტაბით პოპულარობის გასაზრდელად მან სახელწოდებიდან სიტყვა „ჩრდილოეთი“ ამოიღო და მას უბრალოდ „ლიგა“ უწოდა.