ჩვენ გვჭირდება ATACMS-ის რაკეტები არა რუსეთის, არამედ ყირიმის აეროდრომების დასაბომბად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შორ მანძილზე მოქმედი ATACMS -ის რაკეტები დაეხმარება უკრაინას დაარტყას დროებით ოკუპირებულ ყირიმში მდებარე აეროდრომებს, საიდანაც რუსეთი მაღალი სიზუსტის რაკეტებს უშვებს.
მისი თქმით, როდესაც რუსეთს აქვს რაკეტები და უკრაინას - არა, ისინი თავს ესხმიან ყველაფერს მათ შორის გაზსადენებს, ენერგეტიკულ ობიექტებს, სკოლებს, ქარხნებს, სამოქალაქო შენობებს.
„როდესაც რუსეთს ეცოდინება, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ თვითმფრინავების განადგურება, ისინი ყირიმიდან აღარ შეგვიტევენ. ეს არის საზღვაო ფლოტის მსგავსი. ჩვენ ისინი გავდევნეთ ჩვენი ტერიტორიული წყლებიდან. ახლა ჩვენ მათ ყირიმის აეროპორტებიდან გავაძევებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ გაიხსენა, რომ თებერვალში მიუნხენში მან წარმოადგინა სამიზნეების რუკა, რომელთა დარტყმაც ATACMS -ს შეუძლია. მან ასევე განუცხადა The Washington Post-ის ჟურნალისტს, რომ ATACMS -ის რაკეტები უკრაინაში ჯერ არ არის.