ის, რაც პარასკევს საღამოს მოხდა მოსკოვის Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, არის სისხლიანი და ბარბაროსული ტერორისტული თავდასხმა. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებისადმი მიმართვისას.
მისი თქმით, „დამნაშავეები ცივსისხლიანად და მიზანმიმართულად მიდიოდნენ ზუსტად იმისთვის, რომ დაეხოცათ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი შვილები, როგორც ეს ოდესღაც ნაცისტებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაწყვიტეს საჩვენებელი დასჯის მოწყობით“.
პუტინის განცხადებით, შემსრულეებლი ოთხივე პირი დაკავებულია.
„ტერაქტის უშუალო შემსრულებელი ოთხივე პირი, ვინც ისროდა და ხოცავდა ხალხს, იპოვეს და დააკავეს, ისინი მიმალვას ცდილობდნენ და გადაადგილდებოდნენ უკრაინის მიმართულებით, სადაც, წინასწარი მონაცემებით, მათთვის უკრაინულ მხარესთან ერთად მომზადებული იყო „ფანჯარა“ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის...
ყველა დამნაშავე, ორგანიზატორი და დამკვეთი მიიღებს სამართლიან და გარდაუვალ სასჯელს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ისინი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხელმძღვანელობს მათ. ჩვენ ყველას გამოვავლენთ და დავსჯით“, - თქვა პუტინმა და დასძინა, რომ მომხდარი, დარტყმა იყო რუსეთისთვის და მისი ხალხისთვის.
ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ სულ დაკავებულია 11 ადამიანი.
თავის მიმართვაში პუტინს არაფერი უთაქვამს, იმაზე, რომ მანამდე შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა ქვეყნები რუსეთს, მოსკოვში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ აფრთხილებდნენ. ამ გაფრთხილების თანახმად, ტერორისტების შესაძლო სამიზნე ერთ-ერთი საკონცერტო ღონისძიება უნდა ყოფილიყო.
19 მარტს პუტინმა აღნიშნულ გაფრთხილებას უწოდა „შანტაჟი“, რომელიც მისი თქმით, მიზნად ისახავს „საზოგადოების დაშინებას და დესტაბილიზაციას“.
შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ დღეს დაადასტურა, რომ აშშ-მა მოსალოდნელი ტერაქტის მომზადების შესახებ მოსკოვს ინფორმაცია გადასცა. "რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია შეერთებული შტატებისგან ტერაქტის მომზადების შესახებ, მაგრამ ეს ინფორმაცია ზოგადი ხასიათის იყო", - ამის შესახებ რუსულ სააგენტო „ტასს“ წყარომ განუცხადა.