ფეხბურთის საერთაშორისო მმართველმა ორგანომ ფიფამ 2010 წელი შეაჯამა. ფიფამ ყველაზე მნიშვნელოვნად სხვადასხვა საფეხბურთო მოვლენა შეაფასა.
წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სამხრეთ აფრიკის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც გამარჯვება ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა. "ფურია როხამ" მუნდიალი პირველად მოიგო. შეგახსენებთ, რომ 2008 წელს ესპანელები ევროპის ჩემპიონებიც გახდნენ.
მნიშვნელოვანი იყო მილანის "ინტერის" ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება. მათ ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" 2-0 დაამარცხეს. "ინტერმა" აღნიშნული ტურნირი მეორედ მოიგო. ინტერი ლიგასთან ერთად, იტალიის ჩემპიონი და თასის მფლობელიც გახდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა 19 დეკემბერს მეტ ბასბის რეკორდი მოხსნა. ლეგენდარულმა მწვრთნელმა "მანჩესტერ იუნაიტედი" მთავარი მწვრთნელის რანგში 2000-ჯერ გაიყვანა სათამაშოდ. აქამდე ეს რეკორდი მეტ ბასბის ეკუთვნოდა. ფერგიუსონის მწვრთნელობის პერიოდში მანჩესტერმა 36 ტიტული მოიპოვა.
ფიფა მნიშვნელოვნად მიიჩნევს მადრიდის "რეალიდან" რაულისა და გუტის წასვლას. რაულმა და გუტმა "სამეფო კლუბში" ერთად 400 გოლი გაიტანეს. რაულმა კლუბის შემადგენლობაში 741 თამაში ჩაატარა და 323 გოლი გაიტანა. ამჟამად რაული გელზენკირხენის "შალკეში" თამაშობს, ხოლო გუტი სტამბულის "ბეშიქთაშში".
არგენტინელმა ფეხბურთელმა მარტინ პალერმომ 2010 წლის სამხრეთ აფრიკის საფეხბურთო ჩემპიონატზე 37 წლის ასაკში გოლი გაიტანა. ის ყველაზე ასაკოვანი არგენტინელი ფეხბურთელია, რომელმაც ნაკრების რიგებში მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა. პალერმომ რობერტო ჩიროს რეკორდი დაამხო. ეს რეკორდი 72 წლის განმავლობაში მოქმედებდა.
ფიფა მნიშვნელოვნად მიიჩნევს "ბარსელონას" მიერ საგრძნობი უპირატესობით მოპოვებულ 2009-2010 წლის ესპანეთის ჩემპიონობას. მათ 114 შესაძლებლობიდან 99 ქულა აიღეს. მათ მიერ გაშვებული 24 გოლი 1973-74 წელს დამყარებული რეკორდი გამეორებაა. 2009 წლის შობას "ბარსა" 43 ქულით შეხვდა. 2009-2010 წლის საფეხბურთო სეზონში "ბარსელონას" არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ 54 გოლი გაიტანა.
ბლატერის უწყებამ მნიშვნელოვნად მიიჩნია თურქეთის ჩემპიონატში "ბურსასპორის" გამარჯვება. 1984 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი მეზობლის საფეხბურთო ჩემპიონატში არასტამბოლურმა გუნდმა მოიპოვა ჩემპიონობა.
აფრიკის ეროვნებათა თასი 2010 წელს ზედიზედ მესამედ მოიპოვა ეგვიპტემ. აქამდე ზედიზედ სამჯერ აღნიშნული ტურნირი არავის მოეგო. ტურნირის ბომბარდირი გახდა ეგვიპტელი მოჰამედ ნაგი, რომელსაც სასტარტო შემადგენლობაში თამაში არც ერთ მატჩში არ დაუწყია.
2010 წლის სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატზე გატანილი გოლებით მსოფლიო ჩემპიონატების ბომბარდირთა დავაში გერმანელმა თავდასხმელმა მიროსლავ კლოზემ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მას მხოლოდ რონალდო უსწრებს.
ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბმა "პსვ"-მ 2010 წელს "ფეიენოორდი" 10_0 დაამარცხა. ეს სხვაობა სარეკორდო იყო როგორც "პსვ"-ისთვის, ასევე "ფეიენოორდისთვის".
"ინტერისა" და კამერუნის ნაკრების თავდასხმელმა სამუელ ეტოომ აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მესამედ მოიპოვა. აქამდე სამჯერ აღნიშნული ჯილდო ჯორჯ ვეასა და აბედი პელეს ჰქონდათ მოპოვებული.
სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მოხდა, რომ გამარჯვებული ნაკრების რიგებში 4-ზე ნაკლებმა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 2010 წლის მუნდიალზე გოლები მხოლოდ დავიდ ვილამ, ანდრეს ინიესტამა და კარლეს პუიოლმა გაიტანეს. სამივე ეს ფეხბურთელი ამჟამად "ბარსელონაში" თამაშობს.
ნაკრები, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი დაუმარცხებლად დაამთავრა, ახალი ზელანდია იყო, თუმცა ზელანდიელებმა ჯგუფიდან ვერ გააღწიეს.