რუსული მედია და ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რომ უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაესხნენ რიაზანში ნავთობის ქარხანას.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომლებმაც სოციალურ ქსელში ხანძრის ამსახველი კადრები გამოაქვეყნეს, აცხადებენ, რომ ხანძარი ადგილობრივი დროით, დილის 6:48 საათზე გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან მომდინარე აფეთქების შემდეგ, საიდანაც შავმა კვამლმა დაიწყო ამოსვლა.
რუსული პროპაგანდისტული სააგენტო ტასი“ ოპერატიულ სამსახურებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნავთობის ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. „ხანძრის სავარაუდო მიზეზი დრონის ჩამოვარდნაა“, - განაცხადა სააგენტოს წყარომ.
გამოცემის ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი.
ოფიციალურ პირებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, მანამდე, 12 მარტის ღამეს ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში დრონით დარტყმის შედეგად „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს და ორლოვის ოლქში ნავთობსაცავს ცეცხლი გაუჩნდა.