ევროკომისია მხარს უჭერს ბოსნია და ჰერცეგოვინის ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლას.
„დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ევროსაბჭოს რეკომენდაციის შესახებ ბოსნია და ჰერცეგოვინას გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასაწყებად“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ბალკანეთის სახელმწიფომ გადადგა შთამბეჭდავი ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და შეასრულა ის პირობები, რაც ბრიუსელმა წამოაყენა მოლაპარაკებების დაწყებამდე. „ბოსნია ახლა სრულად უჭერს მხარს ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც გადამწყვეტია ამ გეოპოლიტიკური დაძაბულობის დროს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკავშირმა ბოსნია და ჰერცეგოვინას კანდიდატის სტატუსი 2022 წლის დეკემბერში მიანიჭა.
ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2016 წელს შეიტანა, მაგრამ ევროკომისიისგან კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მხოლოდ 2022 წლის ოქტომბერში მიიღო.
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მანამდე უკრაინასა და მოლდოვას მიმართ მიიღეს.