ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი დარწმუნებულია, რომ თუ ნატო-ს ჯარები უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინელებს დახმარებას გაუწევენ, ეს არცერთ საერთაშორისო ნორმას არ დაარღვევს.
ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია მკაფიოდ განვასხვავოთ საბრძოლო ჯარების განლაგება და ჯარების შესაძლო ჩართვა გარკვეულ „მხარდაჭერის“ აქტივობებში, რისი გამოცდილებაც ნატო-ს უკვე აქვს.
„უნდა გვახსოვდეს, რომ ყირიმის ანექსიის და დონბასის ნაწილის ოკუპაციის შემდეგ, რაც არსებითად აგრესია იყო, თუმცა გაცილებით მცირე მასშტაბით, ვიდრე დღეს, უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებდა ნატო-ს სასწავლო მისია, რომელიც ერთ დროს 15-ზე მეტ ქვეყანას და დაახლოებით 1000 ადამიანს მოიცავდა“, - განაცხადა პაველმა.
მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების თვალსაზრისით, „არაფერი შეუშლის ხელს ნატო-ს წევრი ქვეყნების ჯარებს“ დაეხმარონ უკრაინას სამუშაოებში.
კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის მხარს ნატო-ს ჯარების ჩართვას მის ტერიტორიაზე უკრაინის უშუალო მხარდასაჭერად, პაველმა უპასუხა, რომ არ გამორიცხავს ამ საკითხზე დისკუსიას.
„თუკი ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ ჩვენს მოკავშირეებთან, რომ, მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე უკრაინელი ჯარისკაცები მოვამზადოთ და ათასობით სამხედრო მოსამსახურე გადავიყვანოთ, ვთქვათ, პოლონეთში ან ჩეხეთში, ბევრად უფრო ლოგიკური იქნებოდა რამდენიმე ათეული ინსტრუქტორის გაგზავნა უკრაინის ტერიტორიაზე და იქ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება“, - განაცხადა პეტრ პაველმა.