ევროპარლამენტის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ძალამ „ევროპის სახალხო პარტიამ“ მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას. იუწყება Reuters. ფონ დერ ლაიენი ევროპის სახალხო პარტიის ერთადერთი კანდიდატი იყო.
ბუქარესტში პარტიის ყრილობაზე გამართულ კენჭისყრაზე ფონ დერ ლაიენს 400-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ კი ხმა 89 დელეგატმა მისცა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის მთავარი გამოწვევებია ომი უკრაინაში, კრიზისი ღაზაში, რომელიც ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციას იწვევს და ჩინეთის გაძლიერება.
„აქ, სახლში, პუტინის მეგობრები ცდილობენ, გადაწერონ ჩვენი ისტორია და მოგვპარონ მომავალი. კლავიატურას ამოფარებულნი, ისინი სიძულვილს ავრცელებენ. ჩვენი მშვიდობიანი და ერთიანი ევროპა პოპულისტების, ნაციონალისტების, დემაგოგების მხრიდან გამოწვევის წინაშეა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სიტყვით გამოსვლისას.
ევროპარლამენტის არჩევნები ივნისის დასაწყისში გაიმართება.