არ მგონია, რომ ქართველი ერი შეიძლება, გახდეს ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლი და ამით ვიღაცამ სქესი ან ორიენტაცია შეიცვალოს, ამიტომ არ მგონია, რელევანტური იყოს „ქართული ოცნებისა“ და მისი მეგობრების მიერ შემოტანილი კანონპროექტი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
საბოს თქმით, „ქართული ოცნება“ აღნიშნულ კანონპროექტს გამოიყენებს წინასაარჩევნო დაყოფისა და დაპირისპირებისთვის.
„ასევე, არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ ამაში გულწრფელია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, მაგალითად, გვაქვს გამზადებული პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონებიდან სიტყვა გენდერი ამოვიღოთ და ჩავწეროთ ქალი და მამაკაცი, გაუქმდეს გენდერის საბჭო და გენდერული კვოტები. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა გენდერის მიმართულებით, ეს ყველაფერი გაუქმდეს. თუ ჩვენს კანონპროექტს მხარს არ უჭერენ და მერე თვითონ შემოდიან რაღაც პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით, ეს ნიშნავს, რომ გულწრფელები არ არიან და პიარაქციებს ატარებენ. რაც შეეხება მხარდაჭერას, ჩვენს კანონპროექტს დაუჭირონ მხარი, ხომ სწორი იქნება, რომ გენდერი ამოვიღოთ ყველა კანონიდან და დავწეროთ კაცი და ქალი. ჩვენ საპარლამენტო ფორმატში, კომიტეტებსა და სესიებზე მონაწილეობას მივიღებთ და ჩვენს აზრს დავაფიქსირებთ“, – განაცხადა ჰერმან საბომ.