უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა პარტნიორებს მკაცრი რეაგირება მოახდინონ რუსეთის ტერორისტულ ქმედებებზე უკრაინაში და არ დაუშვან, რომ ამერიკა ან ევროპა დამარცხდეს ირანულ „შაჰედებთან“ ან რუსულ გამანადგურებლებთან.
"ყველა ლიდერმა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა მოახდინოს მკაცრი რეაგირება რუსეთის ქმედებებზე. პუტინს არ სურს მშვიდობა - მას მხოლოდ ომი და სიკვდილი უნდა. მას არ აინტერესებს ვის მოკლავს. მისი მთავარი მიზანია გაანდგუროს. პირველად უკრაინა და უკრაინელები. შემდეგ კი თქვენ, ძვირფასო პარტნიორებო. ამიტომ, ეს გადარჩენის საკითხია - და არა მხოლოდ უკრაინის - მსოფლიომ უნდა უპასუხოს რუსულ ბოროტებას", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მხოლოდ მიმდინარე კვირის განმავლობაში რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენეს დაახლოებით 400 მართვადი ბომბი, 50-ზე მეტი შაჰედი და 40-ზე მეტი რაკეტა.
„ევროპის არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია გაუძლოს ასეთ ზეწოლას, ასეთ ბოროტებას. და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა ერთად ვიყოთ ახლა - ყველა, ვინც სიცოცხლეს აფასებს და ვისაც არ სურს ეს ტერორი მათთან სახლში მივიდეს, სხვა ერებთან," - თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამცველებმა მხოლოდ ამ კვირაში შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ხოლო თებერვლის დასაწყისიდან - 15 და ამას რუსული დანაკარგების „სწორი დინამიკა“ უწოდა.
"ეს ომი უნდა გახდეს უიმედო სწორედ რუსეთისთვის, კონკრეტულად ტერორისტებისთვის. და მათ უნდა იგრძნონ მაქსიმალურად, რომ არსებობს ძალა, რომელიც ანადგურებს მათ, ვისაც სურს სიცოცხლის მოსპობა. ჩვენ შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა. თითოეულმა პარტნიორმა იცის რა არის აუცილებელი. მთავარია პოლიტიკური ნება ყველაფრის განხორციელებისათვის.
თუ ეს არ მოხდა, ეს გახდება ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი - თუ ამერიკა ან ევროპა დამარცხდება ირანულ შაჰედებთან ან რუსულ გამანადგურებლებთან. რუსული ბოროტება არ უნდა წახალისდეს სუსტი გადაწყვეტილებებით, დახმარების მიწოდების დაგვიანებით ან გაურკვევლობით.
ჩვენ ველოდებით მიწოდებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ველოდებით, კერძოდ, ამერიკის გადაწყვეტილებას და ეს მხარდაჭერა ნამდვილად საჭიროა“, - განაცხადა ზელენსკიმ.