საქართველოში არ არსებობს ბავშვისთვის სქესის გადაკეთების პრობლემა, მაგრამ არსებობს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის უმძიმესი პრობლემა, გინახავთ მდინარაძე ან კობახიძე გამოსულები პედოფილიის წინააღმდეგ? - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა მამუკა მდინარაძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველოში რეალურად არ არსებობს ბავშვისთვის სქესის გადაკეთების პრობლემა, მაგრამ არსებობს ბავშვების შიმშილის და კიდევ უარესიც, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის უმძიმესი პრობლემა.
საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა ერთ სულ მოსახლეზე ბავშვი პატარძლების რაოდენობით, ანუ ბავშვების გათხოვების - უამრავი შემთხვევაა სექსუალური ძალადობის არასრულწლოვანზე. საქართველოში უამრავი ბავშვი მშობიარობს - მხოლოდ შარშან ასმა ბავშვმა იმშობიარა. ისინი არიან დასაცავი იმისგან, რაც მათ თავს რეალურად ხდება, ესენია: შიმშილი, სექსუალური ძალადობა, გათხოვება... სახელმწიფო რას აკეთებს?! გინახავთ მდინარაძე ან კობახიძე გამოსულები პედოფილიის წინააღმდეგ? [...] რომელიმე ხელისუფლების პირი გამოსულა და გამოხმაურებია, იმას, რომ ბავშვებზე სექსუალურად ძალადობენ ოღრაში კაცები? - არა. იმიტომ არ გამოხმაურებიან, რომ ამ ხალხს ფეხებზე ჰკიდიათ ბავშვები, მათ ანაღვლებთ მარტო თავიანთი შვილები, რომლებსაც თქვენგან აკრეფილი გადასახადებით სვამენ სახელმწიფო თვითმფრინავებში და დააფრენენ უმაღლესი განათლების მისაღებად“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მმართველი გუნდი ორი კვირის ვადაში დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს". საუბრისას ხაზი გაესვა ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციების რაოდენობის ზრდასაც.