საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩი გამართა, „თბილისი არენაზე“ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, სერბეთს ეთამაშა და დაძაბულ ბრძოლაში 63:73 დამარცხდა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის კვალიფიკაციის პირველი ფანჯარა 2 წაგებით დაასრულა და მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ სიტუაცია ნოემბერში დაგეგმილ მე-2 ფანჯარაში გამოასწოროს. ქართველ კალათბურთელებს 21 ნოემბერს ფინეთში სტუმრობა ელით, 24-ში კი იმავე მეტოქეს თბილისში უმასპინძლებენ.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ციკლის A ჯგუფში საქართველო, სერბეთი, დანია და ფინეთი თამაშობენ.
ორი ტურის შემდეგ თითო მოგება აქვთ ფინეთს და დანიას, ხოლო სერბეთი ორი გამარჯვებით ჯგუფის ლიდერია.