დიდი ბრიტანეთის პრემიერი რიში სუნაკი უკრაინას 250 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობით საარტილერიო ჭურვებს დაჰპირდა, რომელიც ნაწილია იმ 2.5-მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტისა, რომელსაც უსაფრთხოების ახალი შეთანხმება ითვალისწინებს.
„დადგა მომენტი, ვაჩვენოთ, რომ ტირანია ვერასდროს იზეიმებს და კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინელების გვერდით დღესაც, ხვალაც. მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც და რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, ვიდრე არ გაიმარჯვებენ. ორი წლის წინ, როდესაც პუტინმა დაიწყო უკანონო შეჭრა, თავისუფალი სამყარო იყო ერთიანი რეაგირებაში. ჩვენ ერთად დავუჭირეთ მხარი უკრაინას. ამ სასტიკ თარიღზე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ ჩვენი სიმტკიცე“, – განაცხადა სუნაკმა.
სუნაკმა ასევე თქვა, რომ უკრაინელი სამხედროები იხდიან დიდ ფასს „არა მხოლოდ იმისთვის, რომ დაიცვან თავიანთი ქვეყანა სრულიად გაუმართლებელი შეჭრისგან, არამედ იმისთვის, რომ დაიცვან თავისუფლების, სუვერენიტეტისა და კანონის უზენაესობის პრინციპები, რომლებზეც ჩვენ ყველანი ვართ დამოკიდებული“.