უკრაინაში, ორწლიანი ომის განმავლობაში, დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა თითქმის 20 ათასი. ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს მოხსენებაში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპულთა რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია და ომის შედეგები მრავალი თაობისთვის საგრძნობი იქნება.
უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა დამკვირვებელთა მისიის მიერ დოკუმენტირებული მონაცემების მიხედვით, რუსული აგრესიის შედეგად უკვე დაიღუპა სულ მცირე 10 582 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 19 875. დაღუპულთა შორის 587 ბავშვია. მშვიდობიან მოქალაქეებს შორის თითქმის 4 300, ანუ 40 პროცენტი, დაიღუპა მხოლოდ 2022 წლის მარტში, რუსეთის შეჭრის პირველ კვირებში.
მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო შორ მანძილზე მოქმედი იარაღით. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც განადგურდა 59 სამედიცინო და 236 საგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო ასობით დაზიანდა.
გაერო-ს სხვა წყაროების თანახმად, უკრაინის მოსახლეობის თითქმის 40 პროცენტი, ანუ 14,6 მილიონი ადამიანი, დამოკიდებულია ჰუმანიტარულ დახმარებაზე, ხოლო კიდევ 2,2-მა მილიონმა უკრაინელმა ომის დაწყების შემდეგ ქვეყანა დატოვა. ასევე გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 3,5 მილიონს აღწევს.