რუსეთში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღე - 24 თებერვალი, შესაძლოა სადღესასწაულო დღედ გამოაცხადონ. შესაბამისი კანონი შეიმუშავა და სახელმწიფო სათათბიროში წარსადგენად მოამზადა პარტიის „სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის“ ხელმძღვანელმა სერგეი მირონოვმა.
კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას კანონში „რუსეთის სამხედრო დიდების დღეების და სამახსოვრო თარიღების შესახებ“. კერძოდ, შეთავაზებულია დაწესდეს ახალი სამახსოვრო თარიღი 24 თებერვალს - „სპეციალური სამხედრო ოპეარციის მონაწილის დღე“.
დოკუმენტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მემორიალური თარიღის ოფიციალური დამტკიცება ხაზს უსვამს უკრაინის წინააღმდეგ ომის მონაწილეთა განსაკუთრებულ როლს თანამედროვე რუსეთის ისტორიაში და ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტულ განათლებას.
მანამდე სახელმწიფო დუმის დეპუტატი იანა ლანტრატოვა ინიციატივით გამოვიდა დაიწყონ 24 თებერვლის აღნიშვნა რუსულ სკოლებში. კერძოდ, დეპუტატი საჭიროდ მიიჩნევს ამ დღისთვის „სკოლის მასშტაბით ღონისძიებების“ პროგრამის შემუშავებას და მას ოფიციალურად „სპეციალური სამხედრო ოპეარციის“ დაწყების დღე“ უწოდონ.
ლანტრატოვას გეგმის მიხედვით, 24 თებერვალს სამხედრო მოსამსახურეები სკოლაში უნდა მიიწვიონ ან ბავშვებს აჩვენონ ვიდეორგოლები ომის შესახებ. კლასში მოსწავლეებს უნდა უამბონ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ისტორია, მისი მიზეზები, მიზნები და ამოცანები, ასევე მიმდინარე მოვლენების შესახებ. როგორც ლანტრატოვამ აღნიშნა, ომი არის „მთავარი მოვლენა თანამედროვე რუსეთში, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოების განვითარების ყველა სფეროზე“.