ამბობენ, თითქოს ახალი კანონპროექტით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კატის ან დეკორატიული ჯიშის მცირე ზომის ძაღლის აყვანა შესაძლებელია მხოლოდ ერთდროულად ალიკაპისა და საბელის გამოყენებით, სინამდვილეში ეს შეზღუდვა მოქმედებს უკვე წლებია და სანქცია განსაზღვრულია 8 ლარის ოდენობით. - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ახალი კანონპროექტით უფრო მოქნილად არის ჩამოყალიბებული მოქმედი აკრძალვა.
„კერძოდ, შესაძლებელი იქნება მცირე და დეკორატიული ცხოველის გადაყვანა ხელში აყვანით, ჩანთით, გადამყვანით ან საბელით (მეპატრონის სურვილის შესაბამისად), ხოლო დიდი ძაღლის შემთხვევაში აუცილებელი იქნება მოკლე საბელის გამოყენება“, - აღნიშნა ბითაძემ.
მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, წლებია აკრძალულია და ისჯება 8 ლარით პატრონიანი ცხოველის შეყვანა კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში,
„მოქმედი კანონმდებლობით, წლებია აკრძალულია და ისჯება 8 ლარით პატრონიანი ცხოველის შეყვანა კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში. კანონპროექტით უფრო მოქნილად არის ჩამოყალიბებული მოქმედი აკრძალვა, კერძოდ შესაძლებელი იქნება მცირე და დეკორატიული ცხოველის შეყვანა ხელში აყვანით, ჩანთით, ან გადამყვანით (მეპატრონის სურვილის შესაბამისად) ყველგან, გარდა იმ საზოგადოებრივი დაწესებულებებისა, რომლებიც თავად აკრძალავენ ცხოველის შეყვანას. გარკვეული აკრძალვა იმოქმედებს მხოლოდ პატრონიანი დიდი ძაღლების შემთხვევაში“, - აღნიშნა ბითაძემ.
ბითაძის თქმით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, საავადმყოფოების, კვების ობიექტების შიდა ტერიტორიებზე, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე, იმ საზოგადოებრივ დაწესებულებებში, რომლის მეპატრონეებიც თავად აკრძალავენ პატრონიანი დიდი ზომის ძაღლის შეყვანას, ამ შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი იქნებიან საგანგებოდ განათავსონ ცხოველის მისაბმელი.
ამასთან, მისივე თქმით, მიკედლება დაუშვებელი იქნება მხოლოდ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების შენობებში (ანუ შიდა სივრცეში), ასევე, საბავშვო და სპორტული მოედნების, მეტროპოლიტენისა და ბაზრის ტერიტორიაზე. ამასთან, მიკედლების ადგილების დარღვევისათვის არასოდეს ყოფილა გათვალისწინებული ჯარიმა კანონპროექტით.