მიშა რომ ციხეში გყავს, ინვესტორისთვისაც გზავნილია, რომ არ შემოხვიდე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება კარგი ინიციატივაა. მისივე თქმით, მან ხელი უკვე მოაწერა.
როგორც ვასაძემ აღნიშნა, „ქვეყანა პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან უნდა გათავისუფლდეს“.
„მე უკვე მოვაწერე ხელი. საზოგადოების აზრის კვლევით, აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს მიშას გათავისუფლებას. ერთიანი, ძლიერი საქართველო თუ გვინდა ავაშენოთ, ეს ქვეყანა პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან უნდა გავათავისუფლოთ. მაგალითად, არ ვემხრობი რადიკალურ განცხადებებს ივანიშვილის პარტიის ლიდერებთან დაკავშირებითაც. რატომ არ ვემხრობი? მინდა, დავასრულოთ ქვეყანაში ეს ანგარიშსწორება, რადგან არ შემოვა ინვესტიციები და არ შეიქმნება სამუშაო ადგილი.
მიშა რომ ციხეში გყავს, ინვესტორისთვისაც გზავნილია, რომ არ შემოხვიდე, აქ ასეთი სასამართლო მაქვს, პრეზიდენტებს ციხეში ვსვამთო. სამუშაო ადგილებიც იმიტომ არ იქნება, იმიტომ არ შემოდის ევროპული და ამერიკული ბიზნესი, რომ გარკვეული სტანდარტი, ნორმაა, ინვესტიციების უსაფრთხოების კუთხით უყურებენ ადამიანები. ძალიან კარგი ინიციატივაა და მოვაწერე ხელი. ვაპირებ, სხვებსაც მოვუწოდო, მოაწერეთ ხელი, რომ ჩვენი ხმა ამ კუთხითაც დავაფიქსიროთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.