ადვოკატი გიორგი ფანცულაიას აცხადებს, რომ ოჯახის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.
„პირველ რიგში, ვულოცავ გიორგი მამალაძეს და მის ოჯახს ამ მძიმე ბრძოლის შემდგომ გათავისუფლებას. მქონდა უშუალო კომუნიკაცია გიორგი მამალაძესთან და მითხრა, რომ რეანომობილში სვამდენენ, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. შვიდწლიანი პატიმრობიდან ბოლო ხუთი წელი მარჯვენა ხელი და ფეხი აქვს სრულად პარალიზებული, ეტლითაც კი არ შეუძლია გადადგილება. გიორგი მამალაძემ მისჯილი ცხრა წლიდან მოიხადა შვიდი წელი. შესაბამისად, ის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რომ ვადაზე ადრე დაეტოვებინა საპატიმრო, მოხდილი სასჯელიდან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ასევე, პროკურორის ვერსიით დაზარალებული პიროვნება ვინც არის, მან დაწერა წერილობით, რომ თანახმა იყო ვადაზე ადრე განთავისუფლებულიყო მამალაძე საპატიმროდან. ყველა ერთობლივმა გარემოებებით, ჩვენ ნამდვილად გვქონდა მოლოდინი, რომ ის გათავისუფლდებოდა. გიორგი მამალაძისგან მოვისმინე ე.წ. უდოთი გათავისუფლების შესახებ. არ ჩაგვბარებია არანაირი წერილობითი დოკუმენტი“, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა ფანცულაიამ.
დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მისმა ძმამ, თორნიკე მამალაძემ გაავრცელა.