სალომე ზურაბიშვილი ტრიბუნას გამოიყენებს თავისი ეგოს დასაკმაყოფილებლად. ის იქნება გაბრაზებული მთელ საქართველოზე და, რა თქმა უნდა, პერსონიფიცირებას საქართველოს ხელისუფლებაზე უაღრესად ნეგატიური გამოსვლით გააკეთებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა მიუნხენის კონფერენციაში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით.
„სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც მზად არიან, ქვეყნის შიგნით ხელი მოაწერონ ნებისმიერ სცენარზე, ოღონდ კი არსებული ხელისუფლება არ იყოს. ეს არის პლატფორმა, სადაც აქტორები გამოდიან. ეს არის შიდა ბრძოლის გადატანა საერთაშორისო პლატფორმაზე. რატომ მიდის ზურაბიშვილი? იქ ფონი მომზადებული ხვდება, რომ გააგრძელოს საქართველოს წინააღმდეგ გზავნილების გახმოვანება. რა მაჩვენებელიც არ უნდა ჩამოთვალოთ, საქართველოს ყველა მხრივ საგრძნობი პროგრესი აქვს, მაგრამ ქვეყნის შიგნით არიან ძალები, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლის შანსი ეცლებათ და უცხოეთში მათი ლობისტები არცერთ შანსს არ უშვებენ, რომ შიდა პოლიტიკური რადიკალური ძალები გააქტიურონ, საკვები მისცენ. თანასპონსორი ბევრი ორგანიზაციაა, მაგრამ ამ კონფერენციაზე გამოთქმული აზრი გერმანიის პოზიციას არ ნიშნავს. ეს გერმანიის ოფიციალური პოზიცია არ არის და როგორ უნდა დაიბარო ელჩი იმაზე, რაც არ არის გერმანიის ოფიციალური პოზიცია? ეს არის რომელიღაც კერძო, კვლევითი, ანალიტიკური რაღაც ორგანიზაციის პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.