რუსეთის ფედერაციის ეროვნულ გვარდიასა (როსგვარდია) და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტი "არ ექვემდებარება ხელმოწერას". აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი.
"ჩვენ ვიზიარებთ მოქალაქეების წუხილსა და განცდებს. ამავდროულად, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს უწყებაში, ისევე როგორც ქვეყნის მთელ ხელმძღვანელობაში, არ არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან იმოქმედონ აფხაზეთის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების, ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ", - თქვა კიუტმა.
კიუტმა აღნიშნა, რომ აფხაზეთი არის "სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო".
"მინდა შეგახსენოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვას უცხო სახელმწიფოს ძალოვანმა სტრუქტურებმა", - დასძინა კიუტმა.
დე ფაქტო მინისტრის თქმით, ე.წ. სამინისტროს და სხვა "სამართალდამცავ ორგანოებს" ჰყავთ საკმარისი პერსონალი, რათა დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, დაიცვან უსაფრთხოება და აღკვეთონ დანაშაული.
ამასთან, კიუტმა განაცხადა, რომ სოხუმი გააგრძელებს როსგვარდიასთან თანამშრომლობას კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია მედიაში, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა როსგვარდიასთან ხელშეკრულების დადებას აპირებდნენ. დოკუმენტის წინააღმდეგ გამოვიდა საოკუპაციო რეჟიმის ოპოზიცია და ადგილობრივების ნაწილი.