კაკაოს მარცვლის გლობალური ფასი რეკორდულ ნიშნულს აღწევს.
შოკოლადის ინდუსტრიისთვის საკვანძო მნიშვნელობის პროდუქტის ფასი 500 დოლარით გაიზარდა ერთ კვირაზე ნაკლებ დროში და ახალ ისტორიულ რეკორდს მიაღწია.
ახლა ერთი ტონა კაკაოს მარცვლის ფასი 5 500 აშშ დოლარია. 8 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთ ტონა კაკაოზე მაქსიმალურმა ფასმა 5 578 დოლარს მიაღწია.
ფასების ზრდას დიდწილად განაპირობებს ანომალიური კლიმატური ფენომენი "ელ-ნინიო" (El Niño), რის გამოც მოსავალი ზიანდება დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში, რომლებიც აწარმოებენ გლობალური მიწოდების ძირითად ნაწილს.
"ელ-ნინიოს" ფენომენი იწვევს უფრო მშრალ ამინდებს განასა და კოტ-დ'ივუარში, რომლებიც კაკაოს მარცვლების ორი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში.
გასულ კვირას, 2 თებერვალს, 1 ტონა კაკაოს მარცვლის საფონდო ფასმა 1977 წლის შემდეგ პირველად მიაღწია 5000 დოლარს.
კაკაოს საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოში კაკაოს მარცვლების დეფიციტი, რომელიც ორი წელია ინდუსტრიას არყევს, 2024 წელსაც გაგრძელდება.
წითელ ზღვაში "ჰუსიტების" თავდასხმების შედეგად შეფერხებული სავაჭრო მიმოსვლა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ფასების ზრდის მიმდინარე ტენდენციას.
მსოფლიოში შოკოლადის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი Hershley-ი აცხადებს, რომ შესაძლოა, ფასები გაიზარდოს შოკოლადის პროდუქციაზე.
გასულ წელს კაკაოს მარცვლებზე საშუალო ფასი 38%-ით გაიზარდა და დეკემბრის ბოლოს პიკს მიაღწია 4300 დოლარად ტონაზე.