ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ პრეზიდენტის რანგში ბოლო გამოსვლისას განაცხადა, რომ მის ქვეყანას რუსეთის არ ეშინია, თუმცა სიფხიზლეს ინარჩუნებს.
ნიინისტომ აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.
"ფინეთშიც შეშფოთებულები ვიყავით. ჩემი პასუხია, რომ ჩვენ არ გვეშინია, მაგრამ ფხიზლად ვართ. ასე იყო ათწლეულების განმავლობაში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ომმა ევროპა გამოაფხიზლა და ტრანსატლანტიკური კავშირები გააძლიერა.
ნიინისტომ გამოთქვა რწმენა, რომ ფინეთის უსაფრთხოების მოდელი ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელიც ეფუძნება თავდაცვით შესაძლებლობებს, რეზერვებსა და ქვეყნის დაცვის სურვილს.
მისივე თქმით, ფინური მოდელი მშვიდობის გარანტიაა. ფინეთის პრეზიდენტი რუსეთთან საზღვარზე არსებულ ვითარებასაც შეეხო.
"რუსეთი იყენებს ხალხს, როგორც ინსტრუმენტს საზღვრის უსაფრთხოების შესუსტების, სიტუაციის დესტაბილიზაციისა და განხეთქილების შესაქმნელად," - თქვა მან.
11 თებერვალს ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც განსაზღვრავს, ვინ შეცვლის ნიინისტოს თანამდებობაზე.
გამოკითხვების თანახმად, ნაციონალური კოალიციიდან მთავრობის ყოფილი მეთაური ალექსანდრ სტუბი ინარჩუნებს პირველ ადგილს მნიშვნელოვანი უპირატესობით მის კონკურენტ პეკა ჰაავისტოსთან შედარებით.
პირველ ტურში სტაბსა და ჰაავისტოს შორის სხვაობა ორ პროცენტზე ნაკლები იყო.